სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს.
იგეგმება ძველი სახლის ნანგრევის კონსერვაცია და შენარჩუნდება არსებული სახით, ვინაიდან მისი სრულად აღდგენა შეუძლებელია.
მშენებლობაზე 20 ადამიანია დასაქმებული. გათვალისწინებულია არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტის დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრებითა და მოღვაწეობით ხშირად ინტერესდებიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები. ამიტომ , ამ ადგილზე მთავრობის განკარგულებით, მოეწყობა ერთგვარი სადისკუსიო სივრცე – შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო კუთხით.
ახალ შენობაში გათვალისწინებული იქნება შეხვედრების ოთახი, მემორიალური საგამოფენო ადგილით.
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.