საქართველოს ზამთრის კურორტებზე შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ საგანგებო საბჭო რამდენიმე დღის წინ შექმნა, რომელსაც სიტუაციის სასწრაფო მოგვარება დაევალა. ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია ბაკურიანში უწყლობის მიზეზად ვიზიტორთა სიმრავლეს ასახელებდა და ამბობდა, რომ საკითხი არა მერიის, არამედ “წყალმომარაგების” საქმე იყო. “დამნაშავე” დაისაჯა – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ეკატერინე გალდავას გათავისუფლების შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის ცნობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად კი გრიგოლ მანდარია დაინიშნა.
ბორჯომის მერი წყლის დეფიციტს ვიზიტორთა სიმრავლეს უკავშირებს
როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. ის 2012 წლიდან სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.
„გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში“, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.