პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის 27-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. დავით ბაქრაძის თქმით, მან მხარი ცვლილებებს და იმ ადამიანს დაუჭირა, რომელიც იქნება კანონის, სამართლისა და წესიერების გარანტი.
“მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში” – განაცხადა ბაქრაძემ
როგოც ბაქრაძემ აღნიშნა, თუ მოქალაქეები დღეს დარჩებიან სახლში, თუ ჩაიქნევენ ხელს, თუ ხმას მისცემენ ზეწოლის შედეგად, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვიცხოვრებთ ისევე და ვიცხოვრებთ უარესად, ვიდრე ეს დღეს ხდება.
„საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო – ხალხს აღარ უნდა იმ გაჭირვებაში და პრობლემებში ცხოვრება, რომელშიც შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ხალხს სჭირდება უკეთესობა, სჭირდება წინსვლა, სჭირდება მოგვარებული პრობლემა, მაგრამ თავისით არაფერი გვარდება და ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. ამიტომ მე დღეს მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომელიც იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც შეუძლია მოვიდეს შუალედურ არჩევნებზე, მობრძანდით, თქვენი ხმა ცვლის საქართველოს, თქვენი ხმა ცვლის თქვენი ოჯახის და თქვენს მომავალს. თავისით არაფერი შეიცვლება, თუ ჩვენ დავრჩებით სახლში, თუ ჩვენ ჩავიქნევთ ხელს, თუ ჩვენ ხმას მივცემთ ზეწოლის შედეგად, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვიცხოვრებთ ისევე და ვიცხოვრებთ უარესად, ვიდრე ეს ხდება დღეს. ერთადერთი გზა, შევცვალეოთ ჩვენი ცხოვრება არის არჩევნები. ამიტომ დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა არჩევნებზე, ხმას მისცემს ცვლილებებს და ცხოვრების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო.
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები - საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება.
გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.