LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა

405

ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 14 მარტს დასრულდა. შესაბამისად, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი.

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

”გრძელდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოები და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებიც დასრულდება, ამით კი მთლიანად დავასრულებთ ბარათაშვილის ხიდზე სამუშაოებს”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის, დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი: საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე, ასფალტის საფარისა და ფილების დაგება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის სავალ ნაწილს, მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასფალტის ახალი საფარი საავტომობილო გზაზე და ბორდიურებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხიდის ქვეშ არსებულ საფეხმავლო გადასასვლელებზე.

ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ენ სი სი” აწარმოებს. მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 1,970,000 ლარი დაიხარჯება.

ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაში იყო, შესაცვლელი აღმოჩნდა ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ბორდიურები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–ან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g