მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკლუბო სეზონი ჯერ ხეირიანად არც გახურებულა, უკვე შორს აღარაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და უკვე აქედანვე მოჩანს, რომ შესაძლოა ხმაურიანი ტრანსფერები განხორციელდეს.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო „ბარსელონას“ ამბებია.
პრესაში ბევრი რამე იწერება, მაგრამ ყურადღება მისაქცევი ალბათ ესენია: „ბარსა“ პოგბას და ვერატის ალტერნატივად „ატლეტიკოს“ კოკეს განიხილავს. პარალელურად თვალ-ყურს ადევნებს დორტმუნდელ ობამეიანგს.
„ელ მუნდო დეპორტივოს“ „ბარსას“ შორტ-ლისტიც ცოდნია, რომელშიც ოთხი მცველი შედის – ლაპორტი (ბილბაო), მარკინიოსი (პსჟ), ხიმენესი (ატლეტიკო) და მოურინიოს ფავორიტი ჯონ სტოუნზი (ევერტონი).
ესპანურ პრესაში ისიც გავრცელდა, რომ ლუის ენრიკე მზადაა “დორტმუნდის” გერმანელი შემტევის, მარკო როისის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.
კუადრადო “იუვენტუსში” იჯარის წესით თამაშობს, თუმცა “ბებერი ქალბატონი” იანვარში „ჩელსიდან“ მის გამოსყიდვას აპირებს. წესით ლონდონელები წინააღმდეგი არ უნდა იყვნენ.
არის საუბრები, რომ ილქაი გიუნდოგანი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. მოგეხსენებათ, მისი ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპი ახლახან სწორედ “ლივერპულის” თავკაცი გახდა.