LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა საკრუიზო გემებისთვის შეზღუდვას აწესებს

137
123

ბარსელონის პორტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ტერმინალი (Muelle Barcelona Norte), რომლის მეშვეობითაც ქალაქის ცნობილ საფეხმავლო ქუჩაზე La Rambla მოხვედრა რამდენიმე წუთში იყო შესაძლებელი, საკრუიზო გემებისთვის დაიხურა. მიზეზი ტურისტების ჭარბი ნაკადი და გარემოს დაბინძურებაა.

ამიერიდან გიგანტური გემები ღუზის ჩაშვებას მხოლოდ სამხრეთით მდებარე პირსთან Moll d’Adossat შეძლებენ, საიდანაც ტურისტები კატალონიის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებამდე ავტობუსით მივლენ, რასაც, დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება. ამასთან, საკრუიზო კომპანიები მგზავრზე 6.25 ევროს გადაიხდიან, თუკი გემი პორტში 12 საათზე ნაკლები დროით გაჩერდება.

რაც შეეხება ჩრდილოეთის გემთმისდგომს, ის საჯარო სივრცედ გადაკეთდება და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება მომავალი წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.

ბარსელონა ევროპის ყველაზე დატვირთული საკრუიზო პორტია. ის წლის განმავლობაში 340 საკრუიზო გემსა და 2.5 მილიონზე მეტ მგზავრს იღებს, მაშინ, როცა 2023 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1,6 მილიონზე ოდნავ მეტია.

ბარსელონა როგორც ესპანეთში, ისე ევროპის მასშტაბით პირველი ქალაქი არაა, რომელმაც მგზავრთა ჭარბ ნაკადთან საბრძოლველად პორტში შეზღუდვები დააწესა. მაგალითისთვის, 2022 წლიდან პალმა დე მალიორკის პორტში შესვლა დღეში მხოლოდ სამ გემს შეუძლია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს 5000-ზე მეტი მგზავრის შეყვანის უფლება. 2021 წელს ვენეციამ, რომელიც UNESCO-მ გაქრობის პირას მყოფი ქალაქების ნუსხაში შეიყვანა, ისტორიულ ცენტრში საკრუიზო გემების გადაადგილება აკრძალა. დიდი გემებისგან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად მკაცრი ზომები მიიღეს მარსელის, ამსტერდამის, სანტორინისა და დუბროვნიკის პორტებმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები