LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონის ცნობილი ბაზარი „ლა ბოკერია“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის

107
ლა ბოკერია

ბარსელონის ცნობილი სასურსათო ბაზრის „ლა ბოკერია“ (La Boqueria) რეკონსტრუქცია დაიწყო – ქალაქის მერიამ ათწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის ფარგლებში, 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია „ლა ბოკერიასა“ და ქალაქის მასშტაბით კიდევ ცხრა სხვა ბაზრის მოდერნიზაციას მოხმარდება.

„ლა ბოკერია“ ცნობილ საფეხმავლო ქუჩაზე „ლა რამბლა“ (La Rambla) მდებარეობს და ის XIX საუკუნიდან მოყოლებული ამარაგებს ბარსელონას სურსათით. მისი ლითონისა და მინის შთამბეჭდავი კონსტრუქცია 1840 წელს კატალონიელმა არქიტექტორმა ხოსეპ მას ი ვილამ დააპროექტა. მას შემდეგ „ლა ბოკერია“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებად სასურსათო ბაზრად იქცა, სადაც მრავალრიცხოვანი დახლები მომხმარებელს სთავაზობს ნედლ თევზს, ხამონს, ყველსა და ფერად მწკრივებად დალაგებულ ხილს.

სარეაბილიტაციო პროცესს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს შემდეგი გარემოება: ამჟამად „ლა ბოკერია“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. ინიციატივის მიზანს წარმოადგენს არა თავად ნაგებობის, არამედ მის მიღმა არსებული ტრადიციის – მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობაზე დაფუძნებული ვაჭრობის სტილის დაცვა.

გარდა ამისა, რეკონსტრუქციის ფარგლებში ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც თითოეული დახლის ფართობის 40%-ი ნედლ პროდუქციას უნდა დაეთმოს. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ბაზრის ტურისტებისთვის განკუთვნილ სწრაფი კვებისა და წვენების ჯიხურებად ტრანსფორმაციის თავიდან აცილებას.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჟურნალმა „Food and Wine“ „ლა ბოკერია“ მსოფლიოს საუკეთესო ბაზრად აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები