2027 წლის პირველ ნახევარში ბარსელონაში ექსპლუატაციაში შევა ახალი სარკინიგზო ხაზი სახელწოდებით R-Aeroport, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ელ პრატის აეროპორტის ორივე ტერმინალთან დააკავშირებს.
ბარსელონის ცენტრში მდებარე სადგურიდან „Passeig de Gràcia“ პირველ ტერმინალამდე (T1) მგზავრობის ხანგრძლივობა 20 წუთზე ოდნავ მეტი იქნება და მატარებლები 15 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ. ხაზის საერთო სიგრძე 22.7 კილომეტრია და ის ცხრა სადგურს მოიცავს.
ამჟამად პირველ ტერმინალში, რომელიც აეროპორტის მთავარ, თანამედროვე კომპლექსს წარმოადგენს, ჩაფრენილ მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვთ: მეტროს მეცხრე ხაზი (L9), რაც საკმაოდ ხანგრძლივ მიწისქვეშა მგზავრობას გულისხმობს ან ავტობუსი Aerobús.
აღსანიშნავია, რომ მატარებლების დიზაინი მოგზაურთა საჭიროებებზეა მორგებული და მოიცავს განიერ გასასვლელებს, ბარგის შესანახ სივრცეებს, ფრენების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ამსახველ მონიტორებს, USB პორტებსა და უსადენო ინტერნეტს (Wi-Fi). თითოეულის შემადგენლობა 656 მგზავრზეა გათვლილი.
შეგახსენებთ, ბარსელონის ხელისუფლება პროექტის განხორციელებას 2017 წელს შეუდგა.
