LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასტა რაიმსის სუპერშოუ კორტებზე!.

278

შესაძლოა, სახელი და გვარი ტრევორ ჯორჯ სმიტი უმცროსი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ჯგუფის “Public Enemy” ერთ-ერთი წევრის მიერ შერქმეული მეტსახელი Busta Rhymes აგერ უკვე 25 წელია, აზანზარებს მსოფლიო ჰიპ-ჰოპის სცენას. ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი,ბასტა რაიმსი 1990-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობს ამ ჟანრში და თაყვანისმცემლების მთელი არმია შეიძინა. კომერციული კოლაბორაციების გარდა ცნობილ არტისტებთან, მას ჟანრის რამდენიმე კლასიკური კომპოზიცია აქვს შექმნილი. ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს… ბასტა რაიმსმა კარიერის განმავლობაში რვაჯერ დაიმსახურა “გრემის” ნომინაცია. მართალია, ვერც ერთი მათგანი ვერ მიიღო, თუმცა ყველაფერი წინაა. ბათუმის ჯაზფესტივალზე გამოსვლისას ყველამ აღნიშნა და შენიშნა, რომ ჰიპ-ჰოპის ძველი გვარდიის წარმომადგენელი ისევ ფორმაშია…

საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ის ბათუმში. კრის ბრაუნისგან ორი დღით ადრე ორგანიზატორებმა ჩამოსვლაზე უარი რომ მიიღეს, “ისთერნ პრომოუშენის” წარმომადგენლებმა სასწრაფოდ დაიწყეს ჩამნაცვლებლის ძიება და ამ ძიებაში ბასტა რაიმსთან კონტრაქტი სულ რაღაც ერთ დღეში, დაჩქარებული წესით გაფორმდა. არ ვიცი, კრის ბრაუნის რამდენი ფანი კითხულობს ამ სტატიას, თუმცა გუშინ კორტებზე ვერც ერთ გულაცრუებულ მაყურებელს ვერ ნახავდით.

ბასტამ კონცერტის დაწყების პირველივე წუთს დაგვანახვა, ვინ არის ბოსი… გამოსვლისთანავე აიყვანა ხელში დარბაზი და დიდი ხნის განმავლობაში ასეც გაგრძელდა. შემდეგ, ჩვენდა და მგონი, მისდა სამწუხაროდაც, კონცერტი დასასრულს მიუახლოვდა. ბასტამ თავშივე გვისაყვედურა, თანაც, სრულიად უცენზურო ფორმით, რაც სჩვევია კიდეც, რომ 25 წელი ელოდებოდა ქართველ მსმენელთან შეხვედრას და დასძინა, რომ ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა გავიმეოროთ. ამ მოსაზრებას დარბაზი აპლოდისმენტებით შეეგება.

13819726_10208733140218965_2096189010_nუნდა ითქვას, რომ ბასტა რაიმსს “ისტერნ პრომოუშენმა” შესანიშნავად უმასპინძლა, რამაც სცენაზეც ჰპოვა გამოძახილი. ბასტა იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ეს არც დაუმალავს და ჯერ ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის საკუთარ მენეჯერს გადაუხადა მადლობა, შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილე, კახა კანდელაკი და “ისტერნ პრომოუშენის” დირექტორი, სანდრო კერესელიძე მოიხმო სცენაზე, მათ პერსონალური მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რამდენი ათეული წელია, ეს კომპანია საუკეთესო მუსიკოსებს მასპინძლობს საქართველოში.

ბასტამ ასევე ისაუბრა მოსაწევის მნიშვნელობაზე რეპკომპოზიციების შექმნისას და სცენაზე შამპანურის ბოთლი გამოიტანა, რომელიც სმის მოყვარული, მაგრამ მაინც გაოგნებული ქართველების თვალწინ გამოცალა და დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

ახლა რაც შეეხება თავად კონცერტს, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და რეპის მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის ნამდვილი სამოთხე იყო. ბასტამ ყველა ჰიტი შეასრულა, ის ისევ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოლაპარაკე რეპერია, რომელიც თავისი ტექნიკით მსმენელს ისევ აოცებს და ცოცხლად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მერაია ქერისთან მის დუეტს მთელი დარბაზი რომ აჰყვა, ბასტა ამ ფაქტს დიდი კმაყოფილებით შეხვდა. აღსანიშნავია, დიჯეი, რომელიც ბასტას გვერდს უმშვენებდა და აშკარად იცოდა თავისი საქმე.

გუშინდელ კონცერტზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, ბასტას ცნობილი სიმღერების ლაივში მოსმენა, ისეთის, როგორიც მაგალითად “Touch It” გახლავთ, უდიდესი სიამოვნება აღმოჩნდა. რეპის დიდი მოყვარულიც რომ არ იყოთ, ბასტას პერფორმერობის ნიჭსა და ქარიზმას გვერდს მაინც ვერ აუვლით.

ბასტა რაიმსმა პირობა დადო, რომ საქართველოს კვლავ ესტუმრება, თუმცა მხოლოდ “ისტერნ პრომოუშენთან” იმუშავებს და დაგვემშვიდობა, თუმცა სცენის დატოვება აშკარად არ უნდოდა…

დღეს ჯაზფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება. ზღვის ხმაურს მეისი გრეის ხრინწიანი ხმა შეერევა…

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g