LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონო მერო, დაგვაჯინე რა – ღია წერილი კახა კალაძეს

309

დიდი ხანი არ არის, რაც თბილისს ახალი მერი ყავს. აქტიურად დაიწყო ბატონმა კახამ. ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებსო აღიარა, მიწისქვეშა გადასასვლელები მოახატინა, აგერ გუშინ „სითი პარკს“ დაეჯახა და ათასობით ადამიანს ასიამოვნა, ადრე მეტროშიც ჩავიდა… ზუსტად მეტროზე მინდა გთხოვოთ ის, რაც დიდი ხანია მინდა მერს ვუთხრა და მხოლოდ ახლა ვბედავ. რა ვიცი, რატომღაც მგონია, რომ თქვენ უფრო გაიგებთ და გააკეთებთ. მით უმეტეს უსაშველოც არაფერია.

სკამები დადგით რა – მეტროებში, შიგნით, ბაქანზე… ხომ იცით ქართველებს როგორ უყვართ სკამი.

ხუმრობის გარეშე. ხშირად დავდივარ საზტრანსპორტის ყველა სახეობით. „მარშუტკებს“ მამაზეციერიც ვერაფერს გააგებინებს და უშველის (შანსი ნულია), ავტობუსი უბრალოდ საკმარისი არ არის და თან ბასლაინებია გასაკეთებელი იქ, სადაც საჭიროა და არა „პაკაზუხობისთვის. აი მეტრო კი… გასაგებია ვერც სტოკჰოლმის მეტროს დავემსგავსებით და ვერც მოსკოვის მეტროსავით მოვხატავთ ჩუქურთმებით, მაგრამ სკამები მაინც დადგით, რა მოხდება.

რომ დავდივარ მეტროთი და რომ ვხედავ რა დღეშია ხალხი (განსაკუთრებით საღამოს საათებში), დიდი სიამოვნებით დასხდებოდნენ და დაისვენებდნენ ის 5-6 წუთი სანამ მატარებელი მოვა (მით უმეტეს ჩანთიანი ხალხი ან ვისაც პატარა ბავშვი უკავია ხელით). არ გჯერათ? ნახეთ ჩვენი ის სადგურები, სადაც სკამები არის და ნახავთ სულ ზის ვიღაც. ესე იგი საჭიროა. კი ბატონო, ყველა სადგურზე შეიძლება არ დავდგათ (მაგ: ბოლო გაჩერებებზე: ახმეტელი, ვარკეთილი), მაგრამ დანარჩენებზე ურიგო არ იქნება კი არა, საჭიროც კი არის. ევროპის მეტროსადგურებში თუ არის ჩამოსაჯდომი, რა ჩვენზე არაკომპეტენტურები არიან?

კიდევ ერთი: პარკებისა და სკვერებისგან განსხვავებით, ამ სკამებს არც დაათოვს (სად არის ისედაც თბილისში თოვლი), არც დააწვიმს, არც მზე დააცხუნებს და ონავარა მგზავრებისგან კი პოლიციელები დაიცავენ მუდმივად რომ პატრულირებენ სადგურებში. თან რაღაც განსაკუთრებულს ხომ არ ვითხოვთ, თუნდაც ისეთი, როგორებიც უკვე დაუდგამს მერიას ამა თუ იმ ადგილზე. მიიტანე, დადგი, დამონტაჟებაც კი არ უნდა. თუ რაიმე ლამაზი და კრეატიული მოიფიქრეთ მთლად უკეთესი…
ბატონო მერო, დადგით რა სკამები, დაგვაჯინეთ…

ათი ათასობით მგზავრის სახელით
ვახტანგ დარასელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g