საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბათუმი იყო ადგილი, სადაც პროტესტი დაიწყო და ამ ქალაქიდან მოდის ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება.
„ბათუმელებო, თქვენთან ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სრული სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში ჩამოვედი, რადგან აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, რომელიც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე, ის არის დღეს ჩვენი მომავლის სახე. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო.
დღეს ჩვენ არა მხოლოდ ყველანი ერთად ვართ, არამედ ჩვენთან ერთად იზრდება ის მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, რომელიც ასე გვჭირდება. ბრძოლა ჩვენია, არავინ სხვისი. ევროპის საბჭომ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ და ყველას გასაგონად. ვის მხარეს დგას? ხალხის, საზოგადოების, საქართველოს მხარეს.
ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის ნიშნები, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის, რომელიც ჩვენი არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც ვდგავართ დღეს აქ და ვიქნებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება.
არავინ, ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, როგორიც თითოეულ ჩვენგანს თავის შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის უნდა. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი.
ბათუმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ხალხი დგას ერთობლივად, ყველას მინდა გისურვოთ გამძლეობა, რადგან ჩვენ ვიქნებით ერთად ბოლომდე. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ თქვენ გამოგიცხადოთ ჩემი სოლიდარობა და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე. ის ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.