LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ გაიმართება

348
gamis-serenadebi-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.

წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.

„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან:  ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.

2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო  ფესტივალი“ ეწოდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი: ჩვენი სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. პროგრამა არის ყოველ წელს საკმაოდ სასინტერესო და მრავალფეროვანი. ,,ღამის სერენადები“ უდაოდ ინარჩუნებს იმ სტანდარტს და ხარისხს, რომელიც დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც ქართველი ასევე უცხოელი მსმენელისთვის. წლევანდელი პროგრამა არის საკმაოდ საინტერესო, მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და სხვა უცხოელი მუსიკოსები: მევიოლინე ანა ლიზა ბეზროდნი, ჩეილისტი იან  ერიკ გუსტავსონი და სხვები. ისინი გვპირდებიან საუცხოო სანახაობას, რომელსაც აგვისტოსა და სექტემბრის თვეში როგორც ბათუმში ასევე თბილისში იხილავს ქართველი და უცხოელი მსმენელი. ჩვენი სამინისტრო მუდმივად და ტრადიციულად ხელშემწყობი იქნება ფესტივალის.

ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი: წელს ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ დაიწყება ბათუმში 25, 27 ,28 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში, 2 და 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.  უკვე მეორე წელია ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია მისი ძმისშვილი მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, რომელიც გახლავთ ქ. ინგოლშტატში პირველი ქართული სამუსიკო სკოლის -„ისაკაძის სამუსიკო სკოლისა“ და მიუნჰენში მუსიკისა და ბალეტის ისაკაძე-ბეჟუაშვილის აკადემიის დამაარსებელი. პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. გათვლილია ყველა ასაკის და გემოვნების მსმენელზე. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, პაბლო სარასატე, პეტრე ჩაიკოვსკი, ბენჯამენ ბრიტენი, პიაცოლა, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სამუელ ბარბერი, ანტონ ვებერნი, მანუელ დე ფალია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტანდემი ვაჟა აზარაშვილის და უცხოელი ცნობილი ჩელისტის იან ერიკ გუსტავსონის, რომელიც შეასრულებს ბატონი ვაჟას ჩელოს კონცერტს,  პირველად შეასრულებს საქართველოში და  რეპერტუარში შეიტანს. ფესტივალზე ასევე წარსდგება ჩვენი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე დავით შამანაურთან ერთად, ისინი შეასრულებენ შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს. ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანია.

მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე:  ფესტივალში პირველად ვიღებ მონაწილეობას და განსაკუთრებით მიხარია, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე არის ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება. ის არის ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი წლების მანძილზე, დღეს-დღეობით მას გვერდში უდგას გიორგი ისაკაძე, ისინი ორივენი არიან სამხატვრო ხელმძღვანელები.  წელს პირველად მოხდება ის ფაქტი, რომ ვოკალური ნაწილი შედის აქამდე მხოლოდ ინსტრუმენტალური იყო. ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის. ჩვენთვის, ტურიზმისა და ხელოვნების პროპაგანდისთვის, ძალიან მნიშველოვანია ეს ფესტივალი, რომელიც არის მაღალი დონის და საინტერესო. ფესტივალის დასკვნით ნაწილში, 4 სექტემბერს  მე და ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, შევასრულებთ მანუელ დეფალიას არაჩვეულებრივ  ვოკალურ ციკლს  ,,ელამორ ბრუხო“,  რომელიც სავსეა სიყვარულით ვნებით, ესპანური ხალხური საუკეთესო მელოდიებით. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფესტივალზე წარვდგები. ასეთი ფესტივალები უნდა იყოს ხელშეწყობილი.

თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი მაკა ნასრაშვილი: აღდგენიდან მეთერტთმეტე წელია უკვე ფესტივალი ტარდება ბათუმსა და თბილისში. ქალაქ თბილისის მერია არის ამ ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერიდა პარტნიორი. ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მისი დამაარსებელი და დამფუძნებელია დიდი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე, უკვე მეორე წელია სამხატვრო ხელმძღვანელია ასევე გიორგი ისაკაძე, უცვლელი დირიჯორი ვახტანგ მაჭავარიანი. ქალაქ თბილისის მერია კვლავინდებურად გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას, რადგან ,,ღამის სერენადები“ თბილისი კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი .

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი  არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა  “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“;  რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g