“სეირნობის დროს, როდესაც ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ, სასურველია, გეკეთოს პირბადე, რადგან ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ვირუსი სულ მუტაციას განიცდის და სანამ მთელი მოსახლეობის 60-70% არ აიცრება, ბრძოლა გრძელდება:
“ბათუმის ბულვარში სიამოვნებით ვისეირნებდი, დრო რომ მქონდეს – ამდენი ადამიანი რომ სეირნობს, სჯობს სხვა ადამიანების დაცვისთვის პირბადის გაკეთება, ვიცი, გამაკრიტიკებენ, იტყვიან – გამყრელიძე წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო – არა, ბატონო! სეირნობის დროს, როდესაც ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავ, სასურველია, გეკეთოს პირბადე, რადგან ამაზე კარგი დაცვის საშუალება არ არის.
რაც მთავარია, სულ უნდა გავიმეოროთ: არა დიდ ქორწილებს. შემოვისაზღვროთ პატარა, 10-კაციანი აღნიშვნით. არა დიდ ჭირისუფლებს, სანამ მსოფლიოში ასეთი ცეცხლი გიზგიზებს. ხომ ხედავთ, როგორი ბრძოლაა, ვირუსის სულ მუტაციას განიცდის, რომ ადამიანს მოერიოს. ჯერჯერობით ეს ბრძოლა გრძელდება, სანამ მთელი მოსახლეობის 60-70% არ აიცრება”, – თქვა გამყრელიძემ.