LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა: „ჩვენ უკვე ვართ რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი“

119
20181220134441

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება. მისი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი წელიწადში გადაამუშავებს და  გადაზიდავს 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს.

ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

მინისტრის განცხადებით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აშენდა და დასრულდა მიუხედავად გლობალური პანდემიისა და სწორედ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა. მისივე თქმით, არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით სასიხარულოა ახალი ტერმინალის ამოქმედება – ეს არის საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია.

ამასთან, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლს და ფუნქციას.

„პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციის სინერგიით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს. ეს მაგალითია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი. აქ ერთად არის შეზავებული შუა აზიელი, ქართველი და აშშ-ელი ინვესტორის საერთო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები შუა აზიიდან აზერბაიჯანის გავლით სწორედ ბათუმის პორტის, აქ შექმნილი სიმძლავრეების მეშვეობით გადანაწილდება სრულიად მსოფლიოში – ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g