ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
07:00 საათიდან მუშაობს ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება აქვს, ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.
„2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში.