LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისთვის ქართული ხილფაფების წარმოება დაიწყება

354

გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა” ბავშვთა კვების წარმოების განახლებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანიაში პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხებს ითვლიან, ამასთან დაფინანსების მოსაპოვებლად ”კულა” სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც აპირებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, პროექტის დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.

”ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის გარკვეული სახის დაფინანსებას მოვიპოვებთ, თუ ჩვენივე ხარჯებით ავაშენებთ ახალ საწარმოს. თუმცა, წინასწარი ვარაუდით, ახალი ქარხნის აშენება და მოწყობა მილიონ-ნახევარი დოლარი დაჯდება. საწარმო გორის რაიონში აშენდება და თუ ეს პროექტი განხორციელდება, ”კულას” ბრენდის ქვეშ ბავშვთა საკვები ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდება”, – აღნიშნა გოგლიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საწყის ეტაპზე, საბავშვო წვენებისა და ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების დაახლოებით 15-მდე სახეობას გამოუშვებს. პროდუქციის რეალიზაცია კი საქართველოს მასშტაბით, დიდ სავაჭრო და სააფთიაქო ქსელებში განხორციელდება.

როგორც ”კულას” დამფუძნებელმა განმარტა, ბავშვთა საკვების ღირებულება საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება და კომპანია შეეცდება, ამ მიმართულებით, იმპორტირებული პროდუქცია ჩაანაცვლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები