ოჯახის წევრზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ის ასევე აცხადებდა, რომ კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა.
„4 ბავშვს დამიტოვებდა სახლში მარტო, მეზობლებიც იქ იყვნენ და იცოდნენ, რომ ბავშვები სულ ჩემთან იყვნენ. 2 წლის და 3 ბავშვს პამპერის გამოცვლაც უნდოდათ, ჭამაც უნდოდათ, ყველაფერს მე ვაკეთებდი, როცა ყოველ მესამე დღეს ვმუშაობ. არ არის შენი საქმეო, ამას მეუბნებოდა ყოველთვის.
კი, შეიძლება ტელეფონზე მაქვს რაღაც ისე მინაწერი, ნერვიულობის ნიადაგზე, როცა ხან ბავშვები ტიროდნენ და ხან რა იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, მე თამუნასთვის, პატივისცემის მეტი არაფერი გამიკეთებია, ხელის დარტყმაზე ლაპარაკი ზედმეტია, არ ყოფილა“. – განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა.
მომხდარზე გამოძიება 126- და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
პოლიციელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.