“რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელსაც ელექტროშოკი აღმოუჩინეს, ამბობს, რომ ნივთი სკოლაში შემთხვევით გამოჰყვა,” – ამის შესახებ “ფორტუნას” სკოლის დირექტორმა, ნატალია ჯავახიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მანდატურმა ბავშვი, რომელიც მეათე კლასელია, საეჭვო ნივთით სკოლის ეზოს გარეთ შენიშნა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მას ელექტროშოკი ჰქონდა თან, პოლიციას გამოუძახეს.
ნატალია ჯავახიშვილი: ეს მოხდა სკოლის ეზოს გარეთ, მანდატურმა შეამჩნია ჩვენი სკოლის მოსწავლე, მეათე კლასელი ბიჭი, რომელიც სკოლის გვერდით შენობასთან იდგა და ეკავა ხელში ფანარის მსგავსი ნივთი, მაგრამ ყურადღება იმან მიიქცია, რომ ეს ნივთი გამოსცემდა ხმას. შემოიყვანა ბავშვი სკოლაში და გვთხოვა, რომ შევსულიყავით მის კაბინეტში. მივხვდით, რომ ეს იყო ელექტროშოკი, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, დავურეკეთ მშობელს და წაიყვანეს მოსწავლე, მშობელი და მანდატური გამოკითხვაზე.
- თუ შეგინიშნავთ ბავშვისთვის რაიმე ანტისოციალური ქცევა ან თავად ხომ არ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი?
ნატალია ჯავახიშვილი: ამ ბავშვისთვის არასდროს არანაირი ანტისოციალური ქცევა არ შემინიშნავს, არანაირ დისციპლინურ გადაცდომას არ ჰქონია მისი მხრიდან ადგილი. მშვიდი, საკმაოდ მოწესრიგებელი ბავშვია და კითხვაზე, თუ რათ უნდოდა ეს ნივთი, წამომყვაო – ასე განაცხადა. არც ბულინგის მხვერპლი გამხდარა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ყოფილა ასეთი.
- ფსიქოლოგი თუ მუშაობს სკოლაში?
ნატალია ჯავახიშვილი: ფსიქოლოგი მუშაობს, ასევე გვყავს ორი სპეცმასწავლებელი. ფსიქოლოგს გასაუბრება არ მოუხდენია ბავშვთან, რადგან საპატრულო პოლიციამ წაიყვანა ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხვაზე
- მას შემდეგ რაც გაირკვევა, რა მიზნენებისთვის ჰქონდა ბავშვს ელექტროშოკი, რაიმე პრობლემის შემთხვევაში, რა ნაბიჯებს გადადგამს სკოლა?
ნატალია ჯავახიშვილი: ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ კონტროლს და ეჭვის შემთხვევაში ვაწარმოებთ ჩხრეკას. ჩართულნი ვართ შსს-ს ორ პროექტში ძალადობის თემაზე. ბავშვებს, მშობლებს უტარდებათ ლექციური საუბრები, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად.
- ზოგადად რამდენად დგას ბულინგის პრობლემა პირადად თქვენს სკოლაში და რა ღონისძიებებს მიმართავს მისი პრევენციისთვის სკოლა?
ნატალია ჯავახიშვილი: რაიმე მძაფრი შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ ღია კლასის საათებს ფსიქოლოგის თანდასწრებით და სისტემატიურად მიდის ამ თემაზე საუბარი. მსუბუქი შემთხვევები ყოფილა, ამ შემთხვევაში რეფერირებას აუცილებლად ვაწარმოებთ. მანდატურის სამსახურს აქვს ფსიქოლოგიური ცენტრი, მშობლის თანდასწრებით ხდება ასეთ დროს ბავშვის რეფერირება და მასთან ფსიქოლოგები იწყებენ მუშაობას.
თაკო ივანიაძე