ბავშვობაში ჩარჩენილი ზრდასრულები – რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას, აღზრდის სტილი და დამოუკიდებლობის აღების შიში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.
საიდან იწყება ბავშვობაში ჩარჩენის კრიზისი?
ადამიანი დაბადებიდან გადის კრიზისებს. თითოეულ კრიზისში ფიქსაცია იწვევს სხვადასხვა ტიპის პრობლემებს და ძნელად გადასალახი ხდება. მნიშვნელოვანია რა ურთიერთობა აქვთ მშობლებს ერთმანეთთან და ბავშვთან, ეს არის გადამწყვეტი, რადგან ამით შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს პოზიტიურ ან ნეგატიურ პროგრამაში. მართალია მშობლებს კარგი უნდათ შვილებისთვის, მაგრამ ხშირად მაინც გვეშლება, შეცდომა არის ადამიანური ფაქტორი, რაზეც უნდა ვსწავლობდეთ. არსებობს მშობლობის ჰიპერმეურვეობის ფორმა, როდესაც უნდა შვილს ყველა სახის საფრთხე აარიდოს, უნდა ყველაფერი გაუკეთოს. ეს არის უკიდურესი ფორმა ურთიერთობის. მე მომისმენია, ზრდასრულ მეუღლეზე ცოლი ამბობდა, სახლში უნდა წავიდე, რომ შაქარი ჩაიში ჩავუყარო, თვითონ ვერ ჩაიყრის. რას ნიშნავს ეს?
დიდი განსხვავებაა ზრუნვასა და მეურვეობას შორის, ზრუნვა კარგია, მეურვეობაა – როცა შენს ნაცვლად ვაკეთებ ყველაფერს. ამ ზრდასრულ კაცსაც მშობლები ზრდიდნენ და ახლა იცით რა ხდება, გაიზარდა და ისევ მეურვეობის ქვეშაა, დედამ „გადააბარა“ ცოლს და მასზე მეურვეობა ახლა ცოლმა აიღო. ეს არის აღზრდის შედეგი, ეს არის მაგალითი როგორ ვრჩებით ბავშვობაში.
როგორ სწავლობენ ადამიანები პასუხისმგებლობას?
მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორ ვივითარებთ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა ვითარდება 1-დან 3 წლამდე. ამ პერიოდში სწორედ მშობელმა უნდა ასწავლოს ელემენტარული ფორმით ისეთ დეტალები შვილს, რომლებიც ამ ასაკის ბავშვს ეხება.
ბავშვობაში ჩარჩენა არის ფსიქიკური ინფანტილიზმი და ყველა ის პრობლემა, რაც გვაქვს დღეს საზოგადოებაში, უკავშირდება სწორედ ინფანტილიზმს, ანუ უპასუხმგებლობას, პრობლემის დამოუკიდებლად ვერ გადალახვას. სხვათაშორის ასეთი ფრაზა გვაქვს: „პატრონი არ გვყავს“, ანუ ისევ სხვას ველით, რომ “რამე გვეშველოს”. არადა, ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ და უნდა შეგვეძლოს პასუხისმგებლობის აღება.
რატომ ირიდებენ ზრდასრული ადამიანები პასუხისმგებლობას? როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები, რომ ეს შედეგი არ დადგეს მომავალშიც?
ადამიანებს უჭირთ პასუხისმგებლობის აღება, რადგან ამას მიჩვეულები არ არიან ბავშობიდან. ადამიანებს უყვართ კომფორტი, მაგრამ კომფორტის ზონა არის საფრთხის შემცველი. იმისთვის, რომ შექმნა უკეთესი კომფორტული მომავალი, უნდა გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, უნდა გაისარჯო, რამე გააკეთო. როცა ბავშვი არაფერს აკეთებს, ეს არის მშობლების გავლენა.
შეგიმჩნევიათ, ჩვენ საზოგადოებაში სულ წუწუნებენ, რონ უნდათ მენეჯერობა, მაგრამ არ უნდათ რომ გაისარჯონ. რას ვასწავლით ბავშვებს? ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ რაღაცეები დამოუკიდებლად აკეთოს, რათა შემდგომ, ზრდასრულ ასაკში იყოს დამოუკიდებელი. ადამიანს ყველა ასაკში აქვს თავისი ამოცანა და მის გასაკეთებელს როცა მშობელი აკეთებს, აზარმაცებს, უქმნის კომფორტის მდგომარეობას და შემდგომ შვილს სხვისი დახმარების გარეშე არაფრის კეთება არ უნდა, უყურებს მშობელს და ელის, რომ ის გაუკეთებს ყველაფერს. მე ადიქტებზე ვმუშაობ და იცით, ასეთი ადამიანები ზრდასრულ ასაკში ამბობენ, რომ უსიყვარულოდ გაიზარდნენ, ხომ უცნაურია, მათ ნაცვლად ყველაფერს მშობელი აკეთებდა და მაინც აკლდათ სიყვარული. ყველაფრის ძირი ხომ ბავშვობაშია. ქცევა არის ნიმუში, რომელიც დაისწავლება, დავაკვირდეთ როგორ ვუმკლავდებით სტრესს: ვსვავთ – ბავშვი ისწავლის დალევას, მაცივარში ვართ შემძვრალები, შვილიც ასე მოიქცევა.
ავიღოთ საზღვარგარეთელი მილიონერების პრაქტიკა, ისინი ასწავლიან შვილებს, აღზრდიან და მერე უშვებენ დამოუკიდებლად საცხოვრებლად, ასწავლიან პასუხისმგებლობას. ჭიპლარი უნდა გადაიჭრას. ადამიანმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლობა. რატომ არ აქვთ საზღვარგარეთ 12 წლამდე ბავშვებს პლანშეტები? იმიტომ არა, რომ ვერ უყიდიან, არამედ სხვა ხედვა აქვთ, სწორი ფასეულობები. და აქ რა ხდება? მშობლები იღებენ კრედიტებს, რათა შვილებს ძვირადღირებული ტექნიკა ჰქონდეთ. ეს ხომ ტყუილში ცხოვრებაა, სად არის ღირებულებები, სად არის ურთიერთობები, სად არის შვილის მხრიდან მშობლის გათვალისწინება.
მშობლებს უჭირთ შეცდომების აღიარება…
შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს, ამით ვასწავლით შვილებს ბოდიშის მოხდას. სხვების დასანახად ილუზიებში არ უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა ვიყოთ ოჯახი „თეატრი“, სადაც ბავშვი ტყუილში იზრდება.
არ ჭირდება ბავშვს იმაზე მეტი, ვიდრე ამის ასაკობრივი საჭიროებაა. ჩვენ საზოგადოებაში მშობლები ისწრაფვიან, რომ 18 წლის ასაკში მათ შვილს ჰქონდეს მანქანა, სახლი, ფული… ეს არ არის ნორმა, ეს არ არის სტიმული. დღეს ახალგაზრდებს მიზანი არ აქვთ, რადგან მათ ნაცვლად სხვები აკეთებენ, მშობლები აზარმაცებენ შვილებს და მერე შედეგებს იმკიან… და რას აკეთებენ 18-20 წლის უმიზნოდ დარჩენილი ახალგაზრდები? მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ, რადგან სხვა ყველაფერს მშობელი უგვარებთ. შედეგად ვიღებთ ზრდასრულ, მაგრამ ბავშვობაში ჩარჩენილ საზოგადოებას. ზრდასრულმა ადამიანმა უნდა გაისარჯოს, ისწავლა, იშრომოს და იყიდოს თავისი შრომით მანქანა. ფაქტია, რომ მართლა თავის შრომით გამდიდრებულმა ადამიანებმა კარგად იციან შრომის ფასი და შვილებსაც კარგად ზრდიან.
შრომა ჩვენს საზოგადოებში სირცხვილია. აქ არ იმუშავებენ, მაგრამ საზღვრებს გადაკვეთენ და იქ იგივე სამსახურზე თანახმა არიან, რადგან იქ ნაცნობი არ დაინახავს. სანამ შრომა სირცხვილი იქნება, სანამ ასეთი აზროვნება და შეხედულებები გვექნება, მუდმივ პრობლემებს გადავაწყდებით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი