თბილისიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ორხევის მამათა მონასტერში, განსაკუთრებული ისტორია იწერება. გადაცემამ „იმედის დღე“ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც ასახულია ისტორია ძმობაზე, რომელიც მიწიერ კავშირს გასცდა და სულიერ ერთობად იქცა.
მამა პეტრე და მამა პავლე ტყუპი ძმები არიან, ბერები, რომლებსაც არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ ცხოვრების მთავარი არჩევანიც აერთიანებთ. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში თითოეულ ბერს თავისი ინდივიდუალური მორჩილება აქვს, ძმები თითქმის ყოველთვის ერთად არიან. მათი ყოველი დღე ლოცვით, შრომითა და ერთმანეთის მხარდაჭერით იწყება.
როგორც თავად იხსენებენ, ეკლესიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ შინაგანი სიმშვიდის პოვნა, რომელსაც მხოლოდ უფალთან სიახლოვე ანიჭებთ.
„როცა ეკლესიაში მივდიოდი, სხვანაირ სიმშვიდეს ვგრძნობდი, სიხარულით მივდიოდი, უფალი ხომ ამბობს, უღელი ჩემი ტკბილია, ტვირთი ჩემი მსუბუქი, ზუსტად ამ სიტყვების გამო მიდის ადამიანი ღმერთამდე და იღებს იმ უღელს, რასაც ქრისტიანული უღელი ჰქვია…
„ბავშვობიდან შრომა გვიყვარდა, აქაც დაგვეხმარა, რადგან ბერულ ცხოვრებაში მარტო ლოცვა არ არის…“
