ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა – სულ მალე ოპერირებას ავიაკომოპანია ”ავიატორი” დაიწყებს, რომელიც ჰოლდინგ ”აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა. “ავიატორი” ნებისმიერ მსურველს, საჰაერო ტაქსის მომსახურებას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჩარტერული რეისების შესრულებასაც.
”ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მაქსიმალურად მოკლე დროში, კომფორტულად ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას ტურისტული, თუ საქმიანი ვიზიტით. ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს უახლესი ამერიკული წარმოების Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, სასურველი მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ”, – განაცხადეს “აჭარა ჯგუფში”.
მათივე ცნობით, ავიაკომპანია “ავიატორის” მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმისა და მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტეს, ”ავიატორის” პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გადამზადება აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო ტრეინინგ ცენტრში გაიარა. საწყისი ეტაპისთვის ავიაკომპანიაში დასაქმდა საავიაციო სფეროს 20-ზე მეტი ქართველი პროფესიონალი.
შეგახსენებთ, “აჭარა ჯგუფმა”, ჩვენს ქვეყანაში ”საჰაერო ტაქსების” ოპერირების ლიცენზია ცოტა ხნის წინ მოიპოვა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, კომპანიის ხომალდი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და მზად არის ფრენების შესრულებისთვის.