“მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსით მოვიდოდი”,- განაცხადა “იმედის” ეთერში ეკა ხოფერიამ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. მისი თქმით, შეთავაზება მოულოდნელი იყო, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, თუ რა უნდა ეკეთება.
“ზოგმა ისიც დაწერა, რომ სპეციალურად ეკასთვის შემქნეს ეს სამინისტროო. საერთოდ, რა საჭიროაო. ამიტომ პირველი ვიკითხე, რა იყო საქმიანობის არეალი. ეს არის სკოლები, რომლებიც მიმოფანტულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ფაქიზი და სენსიტიური თემაა გალის რაიონში არსებული სკოლები. ასევე, ჩვენთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი სოხუმის თეატრი… ეს არის სპორტის მიმართულება, მოკლედ უზარმაზარი არეალი საქმიანობის… რა თქმა უნდა, მინდა ჩემი ხელიც დავატყო. მიმდინარეობს სტრუქტურების რეორგანიზაცია. მინდა თითოეული ადამიანი ძალიან კარგად გავიცნო”. – განაცხადა ეკა ხოფერიამ.
როგორც ხოფერიამ აღნიშნა, მისთვის ამ პოზიციაზე მუშაობა ემოციურადაც ძალიან ამაღელვებელია.
“თითქოს დავბრუნდი აფხაზეთში. მე მყავს ბებია აფხაზი, ნახევრად აფხაზი ვარ, ამიტომ ეს თემა ჩემთვის ძალიან ორგანულია. ბებია აფხაზი მყავდა და სულ ვფიქრობ, რატომ არ მასწავლა აფხაზური კარგად. ამიტომ მინდა, გავაკეთო პროექტები, რომლითაც აფხაზური ენა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან, სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის დროსაც, აფხაზურად ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობდა, რუსულად საუბრობდნენ. საქართველოს განათლების მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ მანაც ისწავლოს აფხაზური. პირადად მეც და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ჩაერთვება აფხაზური ენის კურსებში”.- თქვა ეკა ხოფერიამ.