LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბედნიერი ვარ, როცა წარმატებით მთავრდება პაციენტის მკურნალობის კურსი” – არჩილ მარშანია გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

38
marshania

გადაცემის ლაივი LIVE

20 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი და ინსტრუქტორი არჩილ მარშანია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– არჩილ, რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– პირადად ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრება სწორ კვებას, ვარჯიშს და კარგად გამოძინებას ნიშნავს, რადგან ძალიან მიყვარს ძილი. ზოგადად, ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 7 საათი უნდა ეძინოს.

– რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?

– მშობლებისგან ვიცი, რომ ადრეული ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, უკვე წამოზრდილს კი, ძალიან მიკვირდა, როცა ნაცნობები სხვა პროფესიას ირჩევდნენ, რადგან ვერასდროს წარმომედგინა საკუთარი თავი სხვა სფეროში.
– რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

– ბედნიერი ვარ, როცა წარმატებით მთავრდება პაციენტის მკურნალობის კურსი. ძალიან მიყვარს, როცა ტრენინგის ბოლოს ტაშით მაჯილდოებს კმაყოფილი მსმენელი.

– როგორც ვიცი, საკმაოდ სოლიდური სატელევიზიო გამოცდილება გაქვთ,

– სიამოვნებით მოვსინჯე საკუთარი თავი სამედიცინო გადაცემის წამყვანის როლში. ახლაც ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომლის მთავარი თემა სამედიცინო მითები და რჩევები იქნება.

– რატომ გადაწყვიტეთ პირველადი დახმარების ცენტრის გახსნა?

– განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება ნაკლებადაა მომზადებული პირველადი გადაუდებელი დახმარების გასაწევად. თავიდან მხოლოდ ვმონაწილეობდი სხვა ცენტრების ტრენინგებში, მერე კი, საკუთარ თავზე ავიღე მსგავსი ცენტრის გახსნა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს უნდა ცოდნის მიღება, თუმცა ფინანსების სიმწირის გამო ვერ ახერხებს სასერტიფიკაციო კურსის გავლას, სწორედ მათთვის გავაკეთეთ საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება საბაზისო ცოდნის შეძენაში. დღეს ჩვენი ცენტრი რეორგანიზაციის პროცესშია, რათა სამომავლოდ ორი – სასერტიფიკაციო და საქველმოქმედო კურსი გავაერთიანოთ.

– რამდენად აქტიურად ინტერესდებიან მოქალაქეები თქვენი ცენტრით?

– ინტერესი არის, თუმცა ჩვენ უფრო მეტის ამბიცია გვაქვს, უფრო მაღალ ფასეულობებზე ვფიქრობთ. მთავარი კულტურაა, როცა ადამიანს ბუნებრივად უჩნდება სხვისი დახმარების, შესაძლოა გადარჩენის სურვილი, თუმცა ამისთვის შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მიღებაა საჭირო.

– რა ინტენსივობით ატარებთ ტრენინგებს?

– ჩვენს ცენტრში კვირაში ერთხელ, თუმცა სხვა ცენტრები და კომპანიებიც ხშირად მიწვევენ ლექციის ან კურსის წასაკითხად. სამწუხაროდ, ადამინების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ იწყებს პრობლემებზე ფიქრს, როცა უსიამოვნება ხდება. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, მეტწილად მაშინ გვიწევენ, როცა მწარე გამოცდილებას იძენენ პანდემიის დროს იუნისეფის, ჯანმოსა და გაეროს საქართველოს ასოციაციის სპიკერი ვიყავი, ამასთანავე, მაქვს სპეციალური კურსი, ე.წ. დეზინფორმაციის ანატომია, რომლითაც პოპულარული მითებისა და არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას ვცდილობ.

– უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩიეთ და „სუპერმენის“ სახელიც შეიძინეთ. თვითონ თუ გახსოვთ თქვენი პაციენტები?

– კარგად მახსოვს, პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი პაციენტი. მართალია, ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ ყველა მძიმე პაციენტი მახსოვს.

– რას თვლით თქვენს საამაყო პროექტად?

– ძალიან მიყვარს ჩემი საქველმოქმედო პროექტი, რადგან ყოველთვის სასიამოვნოა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც ახლის სწავლა უნდა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, ტრენინგ-ცენტრის განვითარება და გაფართოება. ძალიან მინდა საერთაშორისო სასერტიფიკაციო ლიცენზიების მიღებაც.

– საკმაოდ ხშირად მოგზაურობთ. უცხო ქვეყნის ეტიკეტის არ ცოდნის გამო თუ შეგქმნიათ უხერხულობა?

– ნაკლებად, რადგან ყოველთვის წინასწარ ვემზადები, მაგალითად, სამხრეთ კორეაში მუშაობისას, რამდენიმე სიტყვა გვასწავლეს ადგილობრივებთან საერთო ენისა მარტივად გამოსანახად. ნამდვილი კულტურული შოკი მივიღე აფრიკაში, რადგან სრულიად უცნობ გარემოში აღმოვჩნდი, თუმცა, სიამოვნებით დავაგემოვნე აფრიკული კერძები, მით უფრო, რომ გურმანი ვარ და მიყვარს უჩვეულო საკვების მოსინჯვა.

– რა მთავარ თვისებას აფასებთ საქმიან პარტნიორში?

– ჩემთვის მთავარი მოტივაცია და სანდოობაა. თუმცა, არც პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობაა ზედმეტი. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ყოველთვის ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– რა პროფესიას შეითავსებდით?

– სიამოვნებით ვიქნებოდი მზარეული.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?

– მთავარი მოტივაცია და საქმის სიყვარულია, არანაკლებ მნიშვნელოვანია საექიმო ეთიკა და ყოველთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნების გაკეთება.

 

ბლიცკითხვები 

– პირველადი დახმარების ცენტრის სლოგანი?

– „ჩვენ გასწავლით როგორ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე!“

– რას თვლით დასვენების საუკეთესო საშუალებად?

– გემრიელად მირთმევას.

– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?

– „ესეც გაივლის!“

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ოჯახის წევრებს.

– სპორტის რა სახეობა გიტაცებთ?

– კრივი.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარეთ?

– ნებისმიერი სიურპრიზი მახარებს.

– როდის არღვევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს?

– პარასკევს საღამოს.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– მარკების, საათების, აქსესუარების, დანების და ცეცხლსასროლი იარაღის კოლექცია მაქვს.

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ორი ბეჭედი, რომელიც ყოველთვის მიკეთია.

– ხართ თუ არა მუსიკალური?

– ვცდილობ ჰარმონიკაზე დავუკრა.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– თავისუფლებას.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები