ბელარუსი რუსეთისგან მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ „ბელტაზე“ დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ ამის შესახებ სამხედრო სწავლებაზე დასავლეთი 2021 განაცხადა.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვგეგმავთ С-400-ის მიწოდებას. 9 სექტემბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე, ვლადიმერ პუტინთან ჩვენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს დიდ ყურადღებას ვაქცევდით“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
გამოცემისვე ცნობით, 1-ელ სექტემბერს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსს მალე მიაწვდის: ათობით თვითმფრინავს, შვეულმფრენს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და, შესაძლოა, С-400-ის საზენიტო სარაკეტო სისტემასაც. 12 სექტემბერს კი, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსს 2025 წლამდე „დიდი რაოდენობით“ იარაღს მიაწვდის.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკებები გამართეს მოსკოვში და 28 სამოკავშირეო პროგრამაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიზნად რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციას ისახავს. მოკავშირე პროგრამების შესახებ დეტალები არ გახმაურებულა.
