ბელარუსიდან საქართველოში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთამწეობის მქონე სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი მოფრინავს, რომელიც 15 ტონიანი წყლის რეზერვუარით არის აღჭურვილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ძლიერია ტერიტორიის დაკვამლიანება, თუმცა ამ ეტაპზე, უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არ არის ხანძრის გავრცელების საშიშროება.
ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ასთმით, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს.
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას. სტიქიის ადგილზე რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგანგებო შტაბი 24 საათიან უწყვეტ რეშიმში აგრძელებს მუშაობას.
მთელ ტერიტორიაზე, სრული მობილიზაციის პირობებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ მეხანძრე-მაშველები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ტყის მცველები. ასევე, მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა.