„დროა საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები?“ – აღნიშნული განცხადება ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში და თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასავლეთის საქართველოსადმი განწყობებზე ისაუბრა.
როგორც მანვე აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოში ტერიტორიებს ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს. მისი თქმით, დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.
„მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ] უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდისმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას,“- ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.
თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს, მისი აზრით, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან.
„დროა საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები. სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? – მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს,“– განაცხადა ჰოჯესმა.
ჰოჯესის თქმით, დასავლეთში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ისეთი განცხადებები, სადაც მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო ხაზი ივლება. ამ დროს კი პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები დასავლელი ლიდერების კრიტიკას აგრძელებენ.