LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინის და გაზის ფასი კვლავ იზრდება

111

საწვავის ფასი თბილისის ბენზინგასამართ სადგურებზე კვლავ იზრდება. ამ დროისთვის ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი, “ევრო რეგულარის” ფასი ლარი და 62 თეთრიდან ლარი და 89 თეთრამდე მერყეობს. თითქმის ყველა პროდუქტზე ფასი 5 თეთრით გაიზარდა.

აქციზის გაზრდამდე, ასევე ფასების ზრდა შეინიშნება გაზგასამართ სადგურებზე. ორი დღეა ყველა გაზგასამართ სადგურზე ფასები 7 თეთრით დაკორექტირდა.

ბენზინის ფასის ზრდის ტენდენცია აქამდეც შეინიშნებოდა. ფასის ზრდას თავად ნავთობიპორტიორები მსოფლიო ბირჟებზე ბენზინის გაძვირებასა და ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებენ.

გაზის მომხმარებლები ამბობენ, რომ ამ პროდუქტის გაძვირება საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია.

“ახლა ბაზარი აიტანს გაზის გაზრდილ ფასს, რადგან საწვავი გაძვირდა. სწორედ ამიტომ გააძვირეს და არა სხვა მიზეზების გამო”,– აცხადებენ ისინი ჩვენთან.

ამასთან დაკავშირებით, “ფორტუნა” ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა.

როგორც მან “ფორტუნასთან” განაცხადა, ფასის ზრდა, ლარის რეკორდულმა გაუფასურებამ განაპირობა.

“გაზგასამართ სადგურზე დაბალი ფასის შენარჩუნება აწყობთ, რადგან გაზი ბენზინის კონკურენტია, დაბალი ფასით კი უკეთეს კონკურენციას გაუწევს. თუმცა, ლარი ხედავთ როგორ იზრდება. იმპორტიორებს კონტრაქტები დოლარში აქვთ გაფორმებული, შესაბამისად, ისინი იძულებულები არიან ლარის გაუფასურების გამო, ფასები მინიმალურად დააკორექტირკონ”, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

თუ გავითვალისწინებთ, იმას რომ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი იზრდება და არც ლარის აუფასურების ტენდენცია იცვლება, იანვრიდან კი აქციზის ზრდაა დაგეგმილი, საწვავის ფასების მომატებას კვლავ უნდა ველოდოთ.

ამას არც ნავთობიმპორტიორები უარყოფენ და ამბობენ, რომ საწვავის ფასი იანვრიდან სულ მცირე 5 თეთრით გაძვირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები