ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, 10 ნოემბერს სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასამართლო დარბაზში ჩატარდეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, მედიას პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება უნდა მიეცეს.
„სასამართლო პროცესი აუცილებლად უნდა ჩატარდეს მედიის თანდასწრებით, მედიის გაშუქებით. არც ერთ, არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროში, არამედ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი, აი, ნავალნის პროცესიც კი, პუტინის რუსეთში, ტარდება მედიის გაშუქების ფონზე.
რატი ბრეგაძის სურვილი, ღარიბაშვილის სურვილი, რომ სააკაშვილის პროცესი ჩაატაროს ისე, რომ მედიამ ვერ გააშუქოს, არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
როგორც მანვე აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ.
„მინდა, ვუთხრა ქართულ საზოგადოებას – მსგავსი პრაქტიკა დიქტატორულ რეჟიმებშიც კი არ არის. სააკაშვილი წვენს იღებდაო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელიაო და გაასაჯაროვეს. პროცესი არ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი? ჩვენ ვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.