რადიო ,,ფორტუნას” სტუმარია საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ვარსკვლავი ბექა ბურჯანაძე.
– ბექა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩართვისათვის. არ შემიძლია არ გკითხოთ როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი? რა შეიცვალა თქვენს ყოველდღიურობაში და როგორი ვითარებაა ახლა ესპანეთში? უბრუნდებით ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რითმს?
დიდი მადლობა თქვენ. კარანტინის პერიოდი ძალიან გაიწელა, თუმცა საბედნიეროდ ცხოვრების ჩვეულ რითმს ვუბრუნდებით. თუმცა ეს ძალიან ნელა ხდება. ბუნებრივია ორთვიანი კარანტინის დროს ყოველდღიურობაც შეიცვალა, ახლა საბედნიეროდ ვარჯიშს დავურუნდით, თუმცა ცხადია ეს სრულფასოვანი ვარჯიში არ არის. ორ-სამ ჯგუფად დაყოფილები, ექიმების და ფიზიოთერაპევტების რეკომენდაციების დაცვით, ძირითადად ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. იმ დღეს ვლაპარაკობდით და რომ დავთვალეთ, ბოლოს ჩვეულებრივ 66 დღის წინ ვივარჯიშეთ. თუმცა როგორც აღვნიშნე, ყველაფერი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რითმს. რაც მთავარია, საბედნიეროდ მეც, ჩემი ოჯახიც და გუნდელებიც ჯანმრთელები ვართ. იმედია მალე კოლექტიურ ვარჯიშებზეც გადავალთ. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც არ ვიცით ACB ლიგის განახლება შესაძლებელი იქნება თუ არა და ვართ მოლოდინის რეჟიმში.
– მინდა მსმენელს და მაყურებელს შევახსენო, რომ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი ჯერ ოფიციალურად არ გაუქმებულა, ის დროებით შეჩერდა.
დიახ, ჯერჯერობით სეზონი არც განახლებულია და არც გაუქმებული, ველით ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. მათ დედლაინი 31 მაისამდე აქვთ, რათა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ამ სეზონის თაობაზე. მომავალ კვირას უკვე გვეცოდინება რა ხდება და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან რთულია ასე ჰაერში გამოკიდებული ყოფნა, იმედია სეზონის განახლება მოხერხდება, თუმცა ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ვვარჯიშობთ.
– საქართველო ევრობასკეტი 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე პოზიტიური იმაში, რომ ტურნირი ერთი წლით გადაიდო , უკეთ მომზადების და ორგანიზების შესაძლებლობის კუთხით და რას ელით საქართველოს ნაკრებისაგან ევროპის ჩემპიონატზე, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი?
რასაკვირველია, როდესაც გავიგეთ, რომ ევრობასკეტი გადაიდო, ყველას გული დაგვწყდა, მოთამაშეებსაც და გულშემატკივარსაც. თუმცა როგორც აღნიშნე, ამაში გარკვეული პოზიტივის დანახვაც შეიძლება. მაგალითად იმის, რომ დარჩენილ დროში უფრო მშვიდად შეიძლება მოსამზადებელი პერიოდის გავლა, იმ დარბაზის აშენება, რომელსაც სპორტის სამინისტრო უშუალოდ “ევრობასკეტისათვის” აშენებს. რაც შეეხება მომზადებას, მთავარია ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ იმ დროისათვის. მიზნების შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ წარმატების მიღწევას ეტაპობრივად ვეცდებით, თამაშიდან თამაშამდე. მთავარი ორიენტირი ჯერ ჯგუფიდან გასვლა იქნება, შემდეგ კი ვფიქრობ, ასევე შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ამისათვის ჩვენს გუნდს არც ძალა, არც ნიჭი და არც მონდომება არ აკლია და ეს ყველამ ვიცით, ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული.