LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ ლიპარტელიანი – „დიდი ალბათობით, ყველა სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება“

252
varlam-fortuna

გადაცემას სპორტსმენები კარანტინში მორიგი ვარსკვლავი ესტუმრა.  როგორ ატარებს კარანტინის დღეებს ოჯახთან  ერთად, როდისთვის  ელის ძიუდოს დაბრუნებას და რა ბედი ეწევა გაუქმებულ სალიცენზიო ტურნირებს – აღნიშნულ საკითხებზე რადიო „ფორტუნას“ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის  პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი  ვარლამ ლიპარტელიანი ესაუბრა.

 ვარლამ, პირველ რიგში დიდი მადლობა ჩართვისათვის. პირველი კითხვა რასაკვირველია ჩვენს ახალ რეალობას ეხება. როგორ ატარებთ კარანტინის  დღეებს და რა შეიცვალა თქვენთვის კარანტინის პირობებში? ალბათ პირველ რიგში ის, რომ ოჯახთან ურთიერთობისათვის უფრო დიდი დრო გრჩებათ, გამომდინარე თავისუფალი გრაფიკიდან.

ვარლამ ლიპარტელიანი: მადლობა თქვენ მოწვევისათვის. დიახ, რასაკვირველია ოჯახთან ერთად  დიდ დროს ვატარებ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან აქამდე ამდენი თავისუფალი დრო არ მქონდა. როგორც ყველა, მე და ჩემი მეუღლეც სახლში ვართ ბავშვებთან ერთად. აქამდე უფრო ნაკლებად მიწევდა ურთიერთობა როგორც მეუღლესთან, ასევე ბავშვებთან და ამ მრივ გახარებული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა რთულია  სახლიდან გაუსვლელად ბავშვებთან ერთად ყოფნა, ცოტა ძნელია ბავშვები სახლში დააკავო და ამ ყველაფერს გაუმკლავდე, მაგრამ ვცდილობთ (იცინის). ეს ყველაფერი საჭიროა, უნდა დავიცვათ მედიკოსების მოწოდებები და სახლში დავრჩეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მალე გავიაროთ. რაც შეეხება ზოგადად დღის წესრიგს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახლის პირობებში გარკვეული ვარჯიშები შევასრულო, რომ ფორმიდან არ ამოვარდე. ამას ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად ვაკეთებ და ეს ყელაფერი ძალიან სახალისო გამოდის.

რა შეგიძლიათ გვითხრათ ძიუდოს იმ ტურნირებზე, რომლებიც არ გაუქმებულა ან გადადებულა? თუ არის ისეთი ტურნირები, რომლებსაც ცვლილებები არ შეხებია? ვივარაუდებ, რომ ეს შეიძლება იყოს ის ტურნირები, რომლებიც წლის ბოლოთვის იყო დანიშნული.

ვარლამ ლიპარტელიანი: კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვიცით, რომ გადაიდო ოლიმპიური თამაშებიც და ევროპის ჩემპიონატიც. პირველი თარიღი ევროპის ჩემპიონატის არის ნოემბერში, მაგრამ ჩატარდება თუ არა ტურნირი ნოემბერში, ჯერ  არ არის გადაწყვეტილი. ეს ყველაფერი გადაწყდება პანდემიიდან გამომდინარე. დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ზოგად ვითარებას, ასევე იმას, თუ როდიდან გახდება შესაძლებელი ვარჯიშის დაწყება, როდიდან გაიხსნება გზები და საზღვრები და ა.შ. ყველა ჩვენგანიც მოლოდინის რეჟიმშია და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შეჯიბრი არ გვაქვს, რომლის თარიღიც ცნობილია და რომლისთვისაც ვემზადებით.

თქვენ ახსენეთ ოლიმპიური თამაშები და მინდა გკითხოთ ოლიმპიურ ლიცენზიებზე. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ოლიმპიური ლიცენზიების 60% უკვე გათამაშებულია. რა ვითარებაა ამ კუთხით ზოგადად ძიუდოში და კონკრეტულად საქართველოს ნაკრებში? თუ გვაქვს უკვე მოპოვებული ლიცენზიები ან რა სალიცენზიო ტურნირები გველის წინ?

ვარლამ ლიპარტელიანი: ლიცენზიები მოპოვებული გვაქვს როგორც პირადად მე, ასევე თითქმის წონის ყველა  წარმომადგენელს. დარჩენილია ტურნირები, რომლებიც გაუქმდა, მაგალითად თბილისის გრან-პრი, თურქეთის გრან-პრი, რუსეთში გასამართი გრანდ-სლემი. ბევრმა სპორტსმენმა ვერ შეძლო მონაწილეობა სალიცენზიო ტურნირებში. ჯერჯერობით როდის ან სად, ან რა ფორმით გაიმართება ეს ტურნირები უცნობია  და ეს ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის გადასაწყვეტი იქნება . ვფიქრობ, რომ ეს ტურნირები გაიმართება, რადგან  არა მგონია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რომელიმე ძიუდოისტი დატოვოს ისე, რომ მან ტურნირების ნაკლებობის გამო ოლიმპიური ლიცენზიისათვის ბრძოლა ვერ შეძლოს. ჩემი აზრით ეს ტურნირები სხვა თარიღებით ჩატარდება, მაგრამ ჩატარდება, რათა ყველა სპორტსმენმა შეძლოს ოლიმპიური ლიცენზიისათვის ბრძოლა, ვისაც ამის შანსი ჰქონდა.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/655367695304170

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები