LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა დავითულიანი: თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება – საკითხი ამოწურულია

146
ბექა დავითულიანი

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, – აღნიშნულის შესახებ ქართული ოცნების კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით ეს საკითხი ამოწურულია.

„დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.

შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება.

ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები.

აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს – ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს, ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები