LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში „თვითმფრინავის ბიჭებზე“ გადაღებული ფილმის პრემიერაზე სოფო შევარდნაძის გამოჩენას ცინიზმი უწოდეს

270

რეზო გიგინეიშვილის მიერ გადაღებული ფილმი „მძევლები“, რომელიც „თვითმფრინავის ბიჭების“ ცნობილი ამბითაა შთაგონებული, „ბერლინალეზე“ 15 თებერვალს აჩვენეს. ყველა ბილეთი ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. ფილმი ლაშა ბუღაძის სცენარის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში პერსონაჟებს სახელები და გვარები გამიზნულად შეუცვალეს. ამ ამბის ერთ-ერთ მონაწილის, მღვდელ თეოდორე ჩიხლაძის როლს, როგორც „იმედი“ იუწყება, ილიკო სუხიშვილი განასახიერებს. რეჟისორმა ახალგაზრდების როლებზე საინტერესო ახალი სახეები დააკავა.

ფილმის ჩვენების წინ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც უცხოური მედიის განსაკუთრებული ყურადღება ხვდა წილად.

როგორც „იმედის“ ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პრემიერას, მისდა გასაოცრად, ესწრებოდა ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე.

„თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმის პრემიერაზე სოფო შევარდნაძის ვიზიტი – პომპეზური ვიზიტი – ფოტოსესიით და გაცნობით – „მე ედუარდის შვილიშვილი ვარ“ – ცალკე კინო და ცალკე სცენარი იყო.

ამით ჩემი მიმოხილვები დასრულებულია,

მადლობა ყურადღებისთვის“ – აღნიშნავს მარიკა გამოქვეყნებულ სტატუსში.

მის ამ სტატუსს მოჰყვა გამოხმაურება – „რა კომიკური ამბავია“, „ამ გოგოს პატივმოყვარეობას საზღვარი არ აქვს! სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი გამხსნელი რო იყო, მანდ გაირკვა ჩემთვის ეგ ამბავი. ნუ ეს გამოჩენა კი ცინიზმის პიკია“, „გასაგებია, რომ ბაბუ უყვარს და ამაყობს, მაგრამ ამ ფილმის სცენართან საამაყო და საპომპეზურო რა აქვს? თუ სიუჟეტია სხვა კუთხით გადმოცემული?“, „სოფო არაა, მგონი, ცუდი გოგო, მაგრამ შევარდნაძის შვილიშვილობით რატომ ამაყობს, ვერ ვხვდები“, „რა ცინიზმია“.

შეგახსენებთ, რომ 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით, შვიდი ახალგაზრდა თვითმფრინავში შეიჭრა, 19 ნოემბერს კი სპეცრაზმმა თვითმფრინავი შტურმით აიღო. ამ ამბის მონაწილეთაგან ბიჭებს სიკვდილით დასჯა, ხოლო გოგონას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სიკვდილით დასაჯეს ასევე მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე, რომელიც გატაცებულ თვითმფრინავში არ ყოფილა, მაგრამ ბრალად ახალგაზრდების წაქეზება წარუდგინეს…

იმ პერიოდში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი იყო. წლების შემდეგ, „გარდიანთან“ ინტერვიუში, წარსულ შეცდომებზე საუბრისას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ყველაზე მეტად „თვითმფრინავის ბიჭების“ განაჩენს ნანობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ განაჩენის შეცვლა არ შეეძლო…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g