გერმანიაში უპილოტო ელექტრო–ავტობუსებს დატესტავენ. საინტერესო სიახლე ბერლინის ქუჩებში დეკემბრიდან გამოჩნდება. სამი პატარა ელექტრონული ავტობუსი ყვითელი ფერის იქნება და მაქსიმუმ 10 ადამიანის გადაყვანა შეეძლება. ტრანსპორტი ქალაქის ცენტრში, ორ მარშრუტზე მთელი წლის განმავლობაში იმოძრავებს და მგზავრობა სრულიად უფასო იქნება.
გასულ ზამთარს ბერლინში ერთი ელექტრო–ბუსი უკვე დატესტეს და მისი მარშრუტი ახალ მოდელებთან შედარებით ორჯერ უფრო მოკლე იყო. თანამედროვე ელექტროავტობუსები უფრო სწრაფია და თუკი ადრე მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 12 კმ/სთ იყო(ველოსიპედზე უფრო ნელი), ამჯერად 15 კმ/სთ იქნება, ხოლო გაზაფხულისთვის კი სიჩქარე 18 კმ/სთ–მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ უპილოტო ელექტრონულ ტრანსპორტს სხვა ევროპულ ქალაქებშიც აქტიურად ცდიან. მაგალითად, გასულ ზაფხულს უპილოტო ავტობუსები კოპენჰაგენის ქუჩებშიც გამოჩნდა.