LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური: „ყველას სახეზე კითხვის ნიშანი ეწერა, მხოლოდ ჩემი ცოლი მედგა გვერდში, ასევე ოჯახი, რობერტ სტურუა…“

56
ბესო-ზანგური

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური და აგრეთვე მსახიობი, ნია ფარქოსაძე, რომელიც ზანგურის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში, „ემიგრანტები“ მიიღებს მონაწილეობას. 

მოდი, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი იყო ბესო ზანგური ბავშვობაში?

ღმერთმა მარგუნა ლიდერის ბედი, მაგრამ არასდროს მინდოდა მსახიობობა. დედა ექიმი იყო, მის მორიგეობებზე ვიყავი ხოლმე და მინდოდა, მეც სამედიცინოზე ჩამებარებინა, მინდოდა, ფსიქიატრი გამოვსულიყავი. უეცრად ავდექი და ჩავაბარე თეატრალურზე,  შორიშორს არ არის ეს ყველაფერი. გარდასახვა გიწევს… ზოგადად, თეატრი და კინო სულ სხვადასხვაა რამაა. ერთხელ ბატონმა რობიკომ მითხრა, თუ გინდა, გაიგო რა არის თეატრი, ამოდი აქ ღამე, დადექი სცენაზე, დახუჭე თვალები და დაუგდე ყური, როგორ გადის დროო.

შენი პირველი როლი გაიხსენე…

ეს იყო რუსთავის თეატრში, დე ფილიპოს აჩრდილში უნდა მეთამაშა იტალიელი განგსტერის როლი. დილით მივედი, ნაბახუსევი ვიყავი. მსახიობები დადიოდნენ წინ და უკან, რობიკო აქააო, უკნიდან ხმა გავიგე, ყმაწვილო, რატომ დაძრწით სცენაზეო, წავალ-მეთქი ვუთხარი. შემდეგ მომივიდა შეტყობინება, თუ ხარ თანახმა, „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელის როლი ითამაშოო, ვერ ვიჯერებდი ამას. რომ არა რობერტ სტურუა, ძალიან ბევრი მსახიობი ვერ იქნებოდა ის, რაც ახლაა, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გაიღებს შენთვის. ის ჩემი მეგობარიცაა, ჩემი შვილების ნათლია და ჩემი მეჯვარეა. ძალიან რთული რამაა, როცა გენიოსის გვერდით იზრდები, როცა მასთან ხარ მუდამ. ჩემი ასაკის ბიჭები კლუბებში რომ ერთობოდნენ, მე სცენაზე ვიდექი. ერთხელ ამაშუკელმა ჰკითხა რობიკოს, ყველგან რატომ დაგყავს ესო… გია ყანჩელმა კი ასეთი რამ თქვა, ეს ბავშვი, რომელიც ახლა ჩვენთან ზის და ჩვენი საუბრები ესმის, ვინ იცის, იქნებ, პატარა რობერტიც გაიზარდოს მისგანო… რობერტობა ვერ, მაგრამ ბესო კი ვარ ზანგური…

გულის წყვეტები და შური იყო?…

ყველასგან ველოდი ზურგში დანის ჩარტყმას, უბრალოდ, არ ვიცოდი, პირველი ვინ გააკეთებდა ამას. ეს ბევრჯერ მოხდა… მაშინ, ორი წლის წინ ყველასგან წამოვიდა დარტყმა, ყველას სახეზე კითხვის ნიშანი ეწერა, მხოლოდ ჩემი ცოლი მედგა გვერდში, ასევე ოჯახი, რობერტ სტურუა. 8 თვე ჩავწექი, ოთახში ვიყავი სულ, დეპრესიაში, თუმცა მალე ბუმერანგის გზით დაუბრუნდათ ყველაფერი.

 

რატომ მალავდი უკრაინაში, ფილმში შესრულებულ როლს?

ასე ერქვა სერიალს, „იცნობდეთ ჩვენებს“. გადამაფრინეს ჩუმად უკრაინაში, მითხრეს, რომ ყველანაირ ფინანსურ შეთანხმებაზე მზად იყვნენ, თუმცა ეს გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. მაშინ მიშას ძალიან დიდი სადავეები ეჭირა ხელი უკრაინაში. მიშას როლი უნდა შემესრულებინა.

5 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი, რომელსაც ბევრი ელოდება… შენ რეჟისორის ამპლუაში ხარ…

ეს პიესა დაწერა ჩემმა დიდმა ფსიქოლოგმა მეგობარმა, ტიანა ელოშვილმა, რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, იტალიაში წასული ქართველი ემიგრანტი ქალის ამბავს ჰყვება. დავიწყე მუშაობა, შევკრიბე ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ თეატრალურ სფეროში. ვიტყვი, რომ ეს არის რობერტ სტურუას სკოლა. აი, ნია თავად იტყვის, მოჰყვება ყველაფერს. მე მას ექსპერიმენტის სახით ხელი მოვკიდე და მივიყვანე იქ, სადაც წლებია საჭირო მისასვლელად.

ნია, გვიამბე, როგორ დაიწყო ყველაფერი…

ნია: თავიდან მოვედი ბატონ ბესოსთან, ვუთხარი, რომ თეატრალურზე ვაპირებდი ჩაბარებას, შემდეგ ეს როლი შემომთავაზა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ძალიან გამიმართლა, ბატონი ბესო ყველაფერში მეხმარება.

ბესო: სპექტაკლის სახელწოდებაა „ემიგრანტები“ და გაიმართება თუმანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები