28 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ რესტორატორი, ,,მეგრული სახლის” დამფუძნებელი, ,,ლეგატოს” მმართველი ეკა ჯალაღონია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ეკა, რამდენიმე დღე დარჩა ახალ წლამდე. როგორ ხვდებით დღსასწაულს და რა სურვილს უგზავნით თოვლის ბაბუას?
– წელს განსაკუთრებულად ვხვდებით ახალ წელს. არასდროს გვქონია ამგვარი სამზადისი. ოჯახური ტრადიციით ნაძვის ხეს ყოველთვის 30 დეკემბერს ვრთავდით, წელს კი, უაზრმაზარი ნაძვის ხე შევიძინეთ სადღსასწაულო განწყობის შესაქმნელად და 15-ში მოვრთეთ, რადგან ძალიან გვეჩქარება ამ წლის გაცილება იმედით, რომ შემდეგი წელი ბევრად მშვიდი და წარმატებული იქნება ყველასთვის.
– როგორ ახერხებთ შეზღუდვების ფონზე ბიზნესის შენარჩუნებას?
– მართლაც ძალიან რთული პერიოდია, თუმცა ამ სიტუაციაშიც საჭიროა პოზიტიური განწყობის შექმნა, რადგან გარშემო უამრავი ნეგატივია. წელს განსაკუთრებით მოვინდომეთ, ყველაფერი „გავაფერადეთ“, თუმცა დეკორაციის ნაწილი თეთრად დავტოვეთ, რადგან თეთრი ხარის წელი მოდის და ჩვენც სიხარულით ველით მის მობრძანებას.
– ყოველთვის აქტიურად იყავით ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში, ახლა კი, განსაკუთრებით აქტუალურია სხვათა დახმარება..
– გეთანხმებით, ყოველთვის სიამოვნებით ვეხმარებოდი სხვებს, წელს კი, რამდენიმე ოჯახი შევარჩიე, რომელთაც აუცილებლად მივულოცავ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ ძალიან გავახარებ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– 30 დეკემბერს „ლეგატოს“ ახალი ფილიალი გაიხსნება რუსთაველზე, შევჩენკოს ქუჩაზე. უამრავი გეგმა გვაქვს მომავალი წლისთვისაც და იმედია არსებული სიტუაციის მიუხედავად, მაინც შევძლებთ მათ განხორციელებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს ერთგულებისთვის, რადგან პანდემიის მიუხედავად, მაინც გვაძლევენ გაზრდის და განვითარების მოტივაციას.
– უამრავ ადამიანს ეხმარებით და ახარებთ, თავად რა საჩუქარი გაგახარებდათ ყველაზე მეტად?
– არასდროს არ მიფიქრია. ჩემთვის ოჯახია უმნიშვნელოვანესი, ამიტომ საუკეთესო საჩუქარიც ჩემი შვილების კარგად ყოფნა და მათი წარმატებაა.
– რამდენად რთულია ქალისთვის წარმატებული ბიზნესის წარმოება?
– მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობაა. ჩემი აზრით, ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც, დარწმუნებული ვარ, ასე უფრო სწრაფად და წარმატებით განვითარდება ქვეყანა.
– როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმის შენარჩუნებას?
– პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ. მართალია, პანდემიამ ცოტა ხელი შემიშალა, მაგრამ მაინც ვახერხებ ვარჯიშს. აუზი და სპორტული დარბაზი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლაც ასეა.
– რა თვისებების გათვალისწინებით არჩევთ თანამშრომლებს?
– მთავარი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა, რადგან მთელ დღეს ერთად ვატარებთ და ძალიან გაგვიჭირდება ჩაკეტილ ადამიანთან ურთიერთობა.
– რას აფასებთ მეგობრებში?
– მეგობრებში მთავარი გულწრფელობაა.
– დიდი ხანია ბიზნესში ხართ. რა თვისებები გამოიმუშავეთ ამ წლების მანძილზე?
– მთავარი, დროისთვის ფეხის აწყობა და მასთან ერთად განვითარებაა, რადგან არ შეიძლება გაჩერება და ერთი ადგილის ტკეპნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ წუთში არ გამოდის, მაგრამ სწორედ მუდმივ ძიებას მოაქვს წარმატება.
– რამდენად მკაცრი ხელმძღვანელი ხართ?
– მკაცრი არ ვარ, უფრო მომთხოვნი ვარ. მეც სხვა თანამშრომებივით მუდამ საქმეში ვარ ჩართული, ბოლომდე ვიხარჯები, ამიტომ სხვებისგანაც იგივეს მოვითხოვ.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– საკმაოდ სწრაფად.
ბლიცკითხვები:
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ დღის განმავლობაში?
– „შეუძლებელი არაფერია!“ – სწორედ ესაა ჩემი სამოტივაციო ფრაზა.
– როგორი კულინარი ხართ?
– ამბობენ, რომ კარგი.
– რამდენად ამაყობთ გუნდით, რომელთანაც დღეს მუშაობთ?
– ძალიან ვამაყობ, რისი მიზეზიც ნამდვილად მაქვს.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– ბავშვობაში ძმასთან ერთად მარკებს და მონეტებს ვაგროვებდი.
– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
– ე.წ. „ქეჟუალის“ სტილი მომწონს, თუმცა გაპრანჭვა და კაბების მოხდენაც ძალიან მიყვარს.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– ხატვა რომ შემეძლოს, აუცილებლად იმ პოზიტიურ, ბედნიერ აურას ავსახავდი, რომელიც ამ სტუდიაშია.
– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ აუზზე გირჩევნიათ განტვირთვა თუ მეგობრებთან ერთად ბარში დასვენება?
– სიამოვნებით განვიტვირთებოდი აუზზე, თუმცა არც მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში დასვენებაზე ვიტყოდი უარს.
– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– მთავარი შრომისუნარიანობა და კომუნიკაბელურობაა. აუცილებელია გამოწვევების სწორად აღქმის და დროსთან ერთად განვითარების უნარი. თუმცა, იღბალი და კარდ კოლექტივთან მუშაობაც არ იქნებოდა ზედმეტი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი