12 მარტს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძემ გადაცემაში „არტ-FM“ ბატონ გელა ჩარკვიანს უმასპინძლა, რომელმაც საიუბილეო წელიწადსა და საკუთარ მრავალფეროვან, მეტად საინტერსო ცხოვრებაზე ისაუბრა.
– ბატონო გელა, უცხოენების ინსტიტუტში ჩაბარებამდე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდით არქიტექტურის ფაკულტეტზე, ხომ არ ნანობთ პირვანდელ პროფესიაზე უარის თქმას?
– არ ვნანობ, რადგან ეს მამას არჩევანი იყო. მას უნდოდა, ვყოფილიყავი არქიტექტორი, თორემ თვითონ ნაკლებად ვფიქრობდი ამ პროფესიაზე. რა თქმა უნდა, არქიტექტურა, რომელსაც ხშირად „გაყინულ ემოციასაც“ უწოდებენ, ძალიან მიყვარს, თუმცა, არჩევანი მე არ გამიკეთებია. თავის დროზე მამას სურდა არქიტექტორობა, ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ შეარჩია ჩემთვის ეს პროფესია. საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, არც ფრენკ ლოიდ რაიტი გამოვიდოდა ჩემგან, არც ლე კორბუზიე და საერთოდ უარი ვთქვი არქიტექტორობაზე.
– შეერთებულ შტატებში თქვენი სწავლის პერიოდი ახალგაზრდულ მღელვარებას და ჰიპების მოძრაობას დაემთხვა, იზიარებდით თუ არა მათ შეხედულებებს და როგორ ფიქრობთ, რამდენად გარდამტეხი აღმოჩნდა ის ეპოქა სამყაროს შემდგომი განვითარებისთვის?
– 1960-ანი წლების ბოლო მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან დღევანდელი იდეოლოგია – პოლიტიკური კორექტულობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა, სწორედ იმ ეპოქის მონაპოვარია, მაშინ გახდა აქტუალური რასიზმისა და სექსუალური დისკრიმინაციის საკითხებიც.
– რამდენადაც ვიცი, ამერიკელ მეზღაპრეს ლორელ კულის სწორედ თქვენ დაეხმარეთ ქართული ზღაპრების შეგროვებაში. რატომ დაინტერესდა უცხოელი ქართული ზღაპრებით და ხომ არ იცით, რომელი მოეწონა ყველაზე მეტად?
– ქალბატონი კული არა მხოლოდ აგროვებდა ზღაპრებს მთელი მსოფიოში, არამედ თავადაც კითხულობდა სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში. სხვათაშორის, ბევრი ჩვენი ზღაპარი მანამდეც კარგად იყო მისთვის ნაცნობი, თუმცა არ იცნობდა ნაცარქექიას.
– თავად რამდენად გიტაცებთ ზღაპრები და უკითხავდით თუ არა შვილებს ბავშვობაში?
– ძალიან მიყვარს ძმები გრიმების, სკანდინავური, აღმოსავლური, რუსული ზღაპრები და ბავშვებსაც ყოველთვის ვუკითხავდი, რადგან სწორედ ზღაპრები განავითარებს ბავშვის ფანტაზიას და წარმოსახვას.
– შეერთებულ შტატებში ხშირი მოგზაურობის წყალობით, საკმაოდ კარგად გაიცანით ამერიკელები. საინტერესოა, რას თვლით მათ ყველაზე დიდ მიღწევად და მთავარ შეცდომად?
– ვფიქრობ, ამერიკელების მთავარი მიღწევა ის ინოვაციებია, რომლებიც წარმატებით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. მეტიც, ყველაზე მეტი ნობელიანტი მეცნიერი სწორედ ამერიკელია, მეორე პოზიციაზე კი, ბრიტანელები არიან. შეცდომები ნაკლებად მახსენდება, რადგან შეერთებული შტატები ლიბერალ-დემოკრატიულ საწყისებზე შექმნილი სახელმწიფოა, რომელმაც მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ 27 შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში. ერთადერთი, რაც არასწორად მიმაჩნია, იარაღის ტარებასთან დაკავშირებული კანონია, რომელსაც პოლიტიკურ დეფექტად უფრო ვთვლი, რადგან იმდენად დიდი გავლენა აქვთ იარაღის მწარმოებლებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს იარაღის წარმოების შემცირებისთვის საჭირო კანონის მიღება.
– 2000-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში წარმოადგენდით საქართველოს, ევროპა უფრო მოგეწონათ თუ ამერიკა?
– საკმაოდ რთული შეკითხვაა. ქალაქებში ყველაზე მეტად ლონდონი მიყვარს, მართალია, მანჰეტენი ძალიან ძლიერია, სან-ფრანცისკო კი, საოცრად ლამაზი, მაგრამ არცერთს არ აქვს ისტორია, ლონდონში კი, ახალი და ძველი, ისტორიული და თანამედროვე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ვფიქრობ, ევროპა მამშვიდებს, ამერიკა კი, ბევრად მშფოთვარეა.
– ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიეთ, სადაც მოღვაწეობდით, შეგიძლიათ თუ არა უწოდოთ საკუთარ თავს ბედნიერი და ზოგადად რას ნიშნავს ბედნიერება?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, თუმცა პირადი უბედურება, ერთგვარი აპოკალიფსებიც მრავლად მქონდა, რადგან ძალიან მძიმეა ახლობლების, საყვარელი ადამიანების დაკარგვაა.
– ირაკლიმ მართლაც განსხვავებული ჟღერადობა შეიტანა მუსიკაში. თავად რამდენად მოგწონდათ მისი შემოქმედება და თქვენი აზრით, რა განასხვავებს მას სხვა მუსიკოსებისგან?
– ვფიქრობ, ირაკლი სხვებზე თამამი იყო, მისი შემოქმედება კი, ძალიან მრავალფეროვანი. მე მისი მელოდიური სიმღერები მომწონდა, თუმცა უამრავი ე.წ. ეპატაჟური, დადაისტური ნამუშევარიც ჰქონდა. საერთოდ, ძალიან უყვარდა დადაიზმი და ბევრი ბავშვური, მიამიტური ლექსიც დაწერა რომელიც, მუსიკასა და კლიპთან ერთად მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მაგალითად, სიმღერამ „შენ აფრენ“ ნამდვილი რევოლუცია მოხდინა, რადგან სწორედ მან მისცა დანარჩენებს ამ სტილში მუშაობის საშუალება. როგორც ამბობენ, „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“ და თავიდან ჩემთვისაც გასაკვირი იყო, რომ ერთ დროს პატარა ბავშვი ახლა ასეთ სერიოზულ მუსიკას ქმნიდა, თუმცა შვეჩვიე, რამდენიმე სუიტა მის მელოდიებზე თვითონაც დავწერე და სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად სერიოზული შემოქმედი იყო.
– საოცარი სიყვარულის ისტორია გაქვთ, ყოველთვის ძალიან გიყვარდათ მეუღლე. თუმცა საინტერესოა, გიღალატიათ თუ არა მისთვის ოდესმე?
– გააჩნია, რას გულისხმობს ღალატი. იმ გაგებით, რა დატვირთვაც ჩემთვის აქვს, რა თქმა უნდა, არასდროს მიღალატია.
– ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი განსხვავებულად აფსებს საკუთარ ცხოვრებას. რას თვლით თქვენს მთავარ შეცდომად და რას შეცვლიდით ცხოვრების დაბრუნება რომ შეგეძლოთ?
– გამოუსწორებელი შეცდომა ნამდვილად არასდროს დამიშვია, თუმცა, წლების უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი მეუღლის ჯანმრთელობას. მართალია, ერთი შეხედვით ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც ვერ ვაიძულე თამბაქოზე უარის თქმა, ახლა კი, ვხვდები, რომ ბევრად მომთხოვნი უნდა ვყოფილიყავი, რადგან სწორედ თამბაქო აღმოჩნდა მისთვის დამღუპველი.
– თქვენი აზრით, რა უპირატესობა აქვს ხანდაზმულობას ახალგაზრდობასთან?
– ხანდაზმულობის მთავარი უპირატესობა შიშებისგან განთავისუფლებაა. რა თქმა უნდა, განიცდი ახლობელთა ბედს, თუმცა საკუთარ სიცოცხლეზე ნაკლებად დარდობ, არაფერს უფრთხი და ერთგვარ თავისუფლებასაც მოიპოვებ.
– თქვენი შვილიშვილი ნანა, ყოველთვის განსაკუთრებული სერიოზულობით გამოირჩეოდა და ადრეულ ასაკშივე ზრდასრულივით მსჯელობდა,
– ნანა მართლაც ყოველთვის დამოუკიდებელი, შეიძლება ითქვას შემდგარი პიროვნება იყო, ახლა კი, ე.წ. რევოლუციის ასაკშია და აღარაფერს გვიჯერებს.
– რა არის „ნაგერალას“ ნაკრების მთავარი გზავნილი?
– ვფიქრობ, კარგი ნამუშევარი გამოვიდა, რადგან პრაქტიკულად მთელი ცხოვრების ნააზრევს მოვუყარე თავი. პირველ რიგში ახალგაზრდებს ვურჩევდი მის წაკითხვას და მიღებული ინფორმაციის კიდევ უფრო გაღრმავებას.
გადაცემის აუდიოჩანაწერი