ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება.
„ტურიზმის იდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგან ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია და ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო ინდუსტრია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის. ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო “კოვიდ-19”-თან წარმატებული ბრძოლით და ზუსტად ამიტომაც არის საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი. ასევე, ყველა ვკითხულობთ საერთაშორისო გამოცემების შეფასებას, საქართველო დასახელებულია ტოპ 7 ან ტოპ 10 ქვეყანას შორის, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო. ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება ყოველდღიურ რეჟიმში იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, ამიტომ იქნება ბევრი ფილტრი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებითვის“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სასტუმროების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წესში შესული ცვლილებები, რაც ვირუსის პრევენციისთვის სტუმრის მიღებამდე სასტუმროების შემოწმებას გულისხმობს, საშუალებას იძლევა, რომ ვებრძოლოთ ვირუსის იმპორტირებას და გავრცელებას ქვეყანაში.
“რაც შეეხება ტურისტებს, მათ მოუწევთ სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება, სოციალური დისტანციის დაცვა. ეს არის ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება”, – აღნიშნა ქვირივიშვილმა.
