„ჩვენი საფინანსო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში მდგრადობით და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით გამოირჩევა. მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქტიურად მუშაობს, რომ ფინანსური სექტორი, კაპიტალის ბაზრის და საბანკო სექტორის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, ასევე კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს გლობალური კონკურენტუნარიანობა, რისთვისაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმის Bybit საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა ამოქმედებამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში ფინანსური სექტორის განვითარებას. მისი თქმით, აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებას, კონკურენციის ზრდას და ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდ დანერგვას.
მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოაქტივების ბირჟის Bybit საქართველოში ოფიციალურად შემოსვლა და იმედი გამოთქვა, რომ მისი აქტივობით გაიზრდება ფინანსური სექტორის ამ სეგმენტში კონკურენცია და მოხდება მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და უსაფრთხო საფინანსო პროდუქტების მიწოდება.
„დღეს საქართველოში უკვე 3 ციფრული ბანკი ფუნქციონირებს. 2023 წლის შემდეგ კაპიტალის ბაზრის მოცულობა გაორმაგებულია და იზრდება საინვესტიციო ფონდების ჯამური ზომაც. ჩვენი ფინტექ კომპანიები და ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები რეგიონში მოწინავე პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი, ხოლო საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო კი გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და უზრუნველყოფს ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას”, – აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძიებაზე Bybit Georgia-მ, Mastercard-თან ერთად, პირველად საქართველოში, Bybit Card-ის პრეზენტაცია გაიმართა.
Bybit-მა საქართველოში ოპერირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) რეგისტრაციის საფუძველზე დაიწყო.
Bybit-ის გლობალური ყოველდღიური ბრუნვა ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანია ევროკავშირში ავტორიზებული პლატფორმით ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებსა და მომსახურებებს ციფრული აქტივების ბაზარზე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, Mastercard, Pave Bank და Tether.
