LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიხეილის სოფელში პატარა ტოსკანა მოვაწყვე. მეზობლებს უკვირთ, რად უნდა აბაზანას ფანჯრები…“ – მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად სოფელში ცხოვრებას გეგმავს

8560
მაკა ზამბახიძე

მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში ახლა ერთდროულად აქტიური და მშვიდი პერიოდი დგას. ტკბება ოჯახური ცხოვრებით მეორე ნახევართან ერთად და ფიქრობს სიახლეებზე, რაც დუეტ „ჯორჯიას“ უკავშირდება. ქმრის სოფელში პატარა ტოსკანა მოაწყო და წლების შემდეგ მიხეილთან ერთად იქ გადასვლაზე ოცნებობს…

მაკა ზამბახიძე:

სიახლეები ყოველთვის გვაქვს დუეტ „ჯორჯიას“, გეგმებიც არის. გვაქვს კონცერტები, ძირითადად, სხვადასხვა სივრცეში. უახლოესი კონცერტი ბაღდათში გვექნება 14 მაისს. გვაქვს ახალი სიმღერა და გვინდა ვიდეორგოლის გადაღება.

სიმღერის გარდა, ტელეწამყვანობაც ძალიან კარგად გამოგდის…

იურმალადან რომ ჩამოვედით, პირდაპირ ეთერში მიდიოდა „ნუცას სკოლა“. მე და რატის მიგვყავდა… პირდაპირი ეთერი სხვა პასუხისმგებლობას უკავშირდება და ძალიან მობილიზებული უნდა იყო. შემდეგ დუტასთან ერთად მიმყავდა „ორი ვარსკვლავი“, ისიც პირდაპირ ეთერში. იყო „ქავერ შოუ“, სადაც ვამხნევებდი კონკურსანტებს. ეს შოუ გახდა ერთგვარი ინსპირაცია, რომ ახალი შოუ ჩაებარებინათ ჩემთვის – „ვინ ვინ არის“. არ შემეშინდა, მაგრამ გამიკვირდა, ამხელა პასუხისმგებლობა რომ დამაკისრეს. ამხელა მეგაშოუ რომ ჩამაბარეს ამ მომღერალ ქალს, ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, ეს გადაცემა ლაივრეჟიმში იწერებოდა, შეცდომის უფლება არ მქონდა. შემეშალა, ახლიდან ჩავწეროთ, ეს უხერხული მომენტი იქნებოდა ჩემი მხრიდან. მხოლოდ ერთხელ მქონდა შეცდომა, ათი გადაღების განმავლობაში, „გავჭედე“ და გარკვეული რესტარტი მჭირდებოდა…

შენი პროდიუსერი მართლა შენი მეუღლეა?

პროდიუსერი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – პროდიუსერი არის, ვინც სიმღერებს გირჩევს, მუშაობს იმიჯზე. არა. მიხეილი გვეხმარება სოციალურ ქსელში, ძალიან წარმატებულია მისი დადებული ვიდეოები, ლაივები. ძალიან გააპოპულარულა ჩემი შვილის, სალომეს იუმორი, რომელიც ძალიან კარგად დამცინის (იცინის). ზუსტად იცის, რა უნდა დადოს და რა „გაარტყამს“.„ჯორჯიას“ და ჩემი თავის პატრონიც ვარ მე (იღიმის), მე თვითონ ვცეკვავ და მე თვითონ ვმღერი, დამლაგებელიც მე ვარ… მიხეილმა სოციალურ ქსელში გადაგვასწრო. მასალა მომაკლდა და რაღაც შემომთავაზეთო, სულ ამას მეუბნება.

რამდენად სასიამოვნოა მომღერლისთვის მეუღლის ასეთი ჩართულობა მის საქმეში?

ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ შენს საყვარელ ადამიანს მოსწონს შენი პროფესია და ითხოვს შენგან სიახლეს. მოჭიდავესგან, სპორტსმენისგან გასაკვირია. თავადაც გაკვირვებულია, რომ თავისი ეს მხარე აღმოაჩინა. მთელი ცხოვრება ტატამზე ჭიდაობდა… ძალიან კარგია და დიდი მადლობა მას ამისთვის.

რომანტიკისთვის იცლით?

ცოტა მოსუსტებულია ეგ ამბავი… მე რომანტიკული ადამიანი ვარ. მიხეილს სულ ვეხუმრები და ვიცინით ხოლმე, როცა კინოში წასვლას ვთავაზობ. ზუსტად ვიცი, რა იქნება პასუხი – დამანებე თავი! (იცინის).

კინოში არა, მაგრამ ვენახში ხომ გეპატიჟება…

(იცინის) კი, ვენახში არის დიდი რომანტიკა. მიხეილის სოფელში ახლა სახლს ვუცვლით იერსახეს და გვინდა, რომ სიახლეები შევმატოთ სახლს. იმდენ რამეს ვიწერ სოფლისთვის… ისეთი აბაზანა გავაკეთე სოფელში… მეგობრები მეუბნებიან, რომ სოფელში ტოსკანა მოვაწყვე. აბაზანას აქვს ფანჯრები, ეს ფანჯრები იღება და ჩანს ვენახები. სოფლის მაცხოვრებლებმა ვერ გაიგეს, რატომ აქვს აბაზანას ფანჯრები, მაგრამ მე ხომ გავიგე (იცინის).

გამორიცხავ, რომ წლების შემდეგ შენ და მიხეილი სოფელში გადასახლდეთ?

არანაირად არ გამოვრიცხავ. ქალაქიდან სულ ორი საათის სავალია. წლების შემდეგ ვხედავ, როგორ ვცხოვრობთ იქ და მე და მიხეილი.

შვილიშვილი სად იქნება ამ დროს?

შვილიშვილი გაზარდოს დედამ (იცინის).

როგორი ბიჭია მიქაელი?

ძალიან კაცური. 4 წლისაა… დედა ასწავლის, რომ ქალბატონებს მიართვას ყვავილები. ჩემთან წყნეთში რომ ამოდის, ყვავილები მოაქვს. მაკა, შენთან მოვიტანე ყვავილებიო, ამბობს. მაკა ვინ არის შენიო, რომ ეკითხები, ჩემი დაიკოო, პასუხობს.

არაჩვეულებრივად გამოიყურები….

ჩემი რუტინის შემადგენელი ნაწილია კანის მოვლა. რუჯი მიყვარს ძალიან, ზაფხულში ამ ფუფუნებას არ ვიკლებ, მაგრამ შემდეგ არ ვიკლებ კანის მოვლას…

წონაში დაგიკლია…

დავიწყე აქტიური სიარული ფეხით… ძალიან მიყვარს ჭამა. ჩემი პირველი თუ მეორე პროფესიაა, სულ ვბჭობ ამაზე. მიყვარს ყველაფერი. თვითონ ვარ კულინარი. ძალიან უყვართ ჩემს მეგობრებს ჩემთან ამოსვლა. ჩვენთან ძალიან ხშირად მზადდება ხინკალი, რადგან მიხეილის ოჯახი მთიულები არიან. ჩემი მული და დედამთილი ამზადებენ ხოლმე. მე ვარ ცომის გამბრტყელებელი.

როგორი დედამთილი გყავს?

ოქროს საწმისი. ფანტასტიკური ოჯახი ჰყავს მიხეილს. ჩემი მული არის ჩემი და. მულის თქმაც მეუხერხულება. ჩემი დედამთილი არის საოცრად მშრომელი ქალი, მოტივატორი, დაუღალავი და შენი გულისთვის რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც უნდა დაღლილი იყოს. გადაჰყვება ოჯახის წევრებსაც და ჩემს მეგობრებსაც…

ძალიან ბედნიერი გოგო ხარ…

რატი რომ არ მიშლიდეს ნერვებს (იცინის).

ფოტო: ნათია სიჭინავა

magti 5g