ოქსფორდელი მეცნიერების აზრით ფართოდ გავრცელებული და იაფი სამკურნალო საშუალება შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდ-პაციენტებს გადარჩენაში დაეხმაროს. მათი ვარაუდით, პრეპარატი ,,დექსამეტაზონი” თავიდანვე ხელმისაწვდომი და მკურნალობაში ჩართული რომ ყოფილიყო, ბრიტანელი ექიმები დაახლოებით 5000 ადამიანის გადარჩენას შეძლებდნენ, რომლებიც კორონავირუსს ემსხვერპლნენ.
„დექსამეტაზონმა“ სამჯერ შეამცირა სიკვდილის რისკი ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადს იღებენ, რისკები დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა.
„დექსამეტაზონი“ მონაწილეობს მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე კვლევაში, რომლის მიზანიც ისეთი უკვე არსებული წამლების პოვნაა, რომლებსაც კოვიდ-პაციენტების განკურნება, მდგომარეობის შემსუბუქება ან მკურნალობის ვადის შემცირება შეუძლიათ. კვლევის ფარგლებში მეცნიერები არაერთ მედიკამენტს სწავლობენ.
ბრიტანელი მკვლევარები თვლიან, რომ „დექსამეტაზონს“ შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის, ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ კონტროლი და ანთებითი პროცესების შემცირება.
ოქსფორდში ჩატარებული კვლევის ფარგლებში „დექსამეტაზონი“ 2000 პაციენტს მისცეს და შემდეგ მათი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები იმ 4000 პაციენტისას შეადარეს, ვისაც წამალი არ მიუღია. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე მყოფ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი 40-დან 28%-მდე შემცირდა, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადის მიღება უწევდათ, 25-დან 20%-მდე.
უფროსი მკვლევარის, პროფესორი პიტერ ჰორბის განცხადებით „დექსამეტაზონი“ ერთადერთი პრეპარატია, რომელმაც უჩვენა, რომ რეალურად შეუძლია სასიკვდილო რისკების შემცირება, სწორედ ამიტომ ამ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.