LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით!“

152
ბიძინა ივანიშვილი

„ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვებს, თუმცა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება:

„როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით!“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მომდევნო 4 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და ადგილობრივების კეთილდღეობაზე, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და კიდევ უფრო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს:

„მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დაწყებულ საქმეს. შევქმნით ყველა პირობას, რომ ადგილობრივებმა მაქსიმალურად აითვისონ ამ უნიკალურ მხარეში არსებული პოტენციალი. მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და განვახორციელებთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ დაამარცხოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევანი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება.

„წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათი აგენტურას ვა-ბანკზე წასვლა აიძულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს, შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე, რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g