„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე და მისგან მომდინარე ხიფათზე, ტელეკომპანია „ იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე, საქართველოში მოახერხეს. ივანიშვილის განმარტებით, როცა განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ ისმის, მარტივია საზოგადოება დააჯერო ვირტუალურ რეალობაში, რაც საქართველოში ვერ იმუშავებს, ვინაიდან ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა.
„იდეოლოგია რასაც ლიბერალურს უწოდებენ დღეს ლიბერალები, საკმაოდ არა, ვიტყოდი, ძალიან სახიფათოა და ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, პარალელურად, რა თქმა უნდა, ახერხებენ, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას – განსხვავებული აზრი არ ისმის, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად, ძალიან ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და ჰგონიათ, რომ ესაა რეალობა. ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ. ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, აბა ნახეთ, რამდენი ტელევიზიაა? თუნდაც, რამდენს გახსნიან ხვალვე – ეს არ არის ის დრო, რა დროც იყო, გახსოვთ ხომ, თეფშები როგორ დაგვიყადაღეს და როგორ გვიკრძალავდნენ, რომ როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია გვქონოდა, საინფორმაციო წყარო გვქონოდა.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.