ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ირაციონალური შიშების კულტივირების პროცესი“ დაიწყო.
„ბიძინა მიხვდა, რომ კონკრეტული საფრთხეების შიშები აღარ არის ეფექტური და დაიწყო ირაციონალური შიშების კულტივირების პროცესი.
დამეთანხმებით, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია შეუცნობლის. იმის, რასაც არც ფორმა აქვს და არც შინაარსი, მაგრამ „ძალიან საშიშია”.
ასეთი ირაციონალური პერსონაჟი ჩვენს ბავშვობაში იყო „ბუა”, რომელსაც მშობლები იყენებდნენ ჩვენს საკონტროლებლად. არავინ გვიხსნიდა, როგორ გამოიყურებოდა ბუა და კონკრეტულად რა საფრთხე იყო მისგან მოსალოდნელი. ამის გამო ყველა გაფაჩუნებაზე, ან ჩრდილზე ბუა გველანდებოდა და ძალიან გვეშინოდა.
ასეთი „ბუა” შემოგვაჩეჩა ახლა ბიძინამ „დიფ სტეიტის” სახით.
არც კი განმარტავენ, ვინ არის ეს ხალხი, რა ქსელია, რა მექანიზმებით მართავენ. უფრო მეტიც – პირდაპირ ინგლისურ დასახელებას გვთავაზობენ, ქართულად არ თარგმნიან ფრაზის მნიშვნელობას.
ახლა ზრდასრულო კაცებო და ქალებო, ყველამ საკუთარ თავს ჰკითხეთ – ისევ გეშინიათ ბუასი, როგორც ბავშვობაში?!“, – წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გუშინ გაავრცელა ვრცელი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის, თუმცა „ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“.