კორონავირუსის პანდემიის და მისით გამოწვეული პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, Microsoft-ის დამაარსებელმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ბილ გეითსმა ,,ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა. გეითსის აზრით, აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდება, კორონავირუსის პანდემია კი, ისევე როგორს სხვა ნებისმიერი პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება.
„ჩემი აზრით, საუკეთესო შემთხვევაში პანდემია 2022 წელს დასრულდება. თუმცა უკვე 2021 წლის ზაფხულიდან შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მსოფლიომ ამაში ინვესტიციები ჩადო და საუკეთესო მეცნიერები ჩართო. პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“ – განაცხადა გეითსმა.
მილიარდერის აზრით, 2021 წელს მსოფლიო მიიღებს ვაქცინას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. გეითსმა ინტერვიუს მსვლელობისას ისიც განაცხადა, რომ მისი საქველმოქმედო ფონდი დაავადებასთან საბრძოლველად 650 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რაც ვაქცინის წარმოებას მოხმარდება. გეითსის თქმით, მისი მიზანია ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
„ვაქცინა არ უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ ჩვენთვის და სხვა მდიდარი ქვეყნებისთვის, მისი მიღება ყველამ უნდა შეძლოს.“- ამბობს მილიარდერი.