გარწმუნებთ, ბილეთების ფასები დარჩება დაბალი, ის არ გაიზრდება – ამის შესახებ ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო აცხადებს და განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების მიუხედავად, Wizz Air-ი ბილეთების ფასების მატებას არ აპირებს. აღნიშნულ საკითხზე ანდრაშ რადო „ბიზნესპარტნიორს“ ესაუბრა.
„რა თქმა უნდა, კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ყველაფერზე, მათ შორის ავიაციაზე, მაგრამ გარწმუნებთ, მოგზაურებს არა მარტო Wizz Air, არამედ ყველა ავიაკომპანია კარგ კონკურენტულ გარემოს შესთავაზებს“,- განაცხადა რადომ.
შეგახსენებთ, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები უკვე განაახლა. პირველი რეისი 17 აპრილს ვილნიუსის მიმართულებით შესრულდა, 18 აპრილიდან კი აღდგა რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები ვარშავის მიმართულებითაც. მაისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარულ ფრენას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით აღადგენს. ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.