ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა შესაბამის განკარგულებას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.
კომენდანტის საათი და მკაცრი შეზღუდვები დღეს, 20:00 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე ბრძანა დედაქალაქში ჯარის შეყვანა, რათა მოეწყოს ბლოკპოსტები და სამხედროებმა შეძლონ მოსახლეობის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა.
რამდენიმე დღეა ქვეყანა მასობრივმა არეულობებმა მოიცვა.
აქციების მიზეზი 4 ოქტომბერს გამართული არჩევნები გახდა. აქციის მონაწილეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლო.
საპროტესტო გამოსვლების დროს ოპოზიციურმა ჯგუფებმა ყირგიზეთის სამთავრობო აპარატების უმეტესობა კონტროლზე აიყვანა.