LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად – საქართველოში განხორციელებული ინიციატივები

4838
ბიზნესი ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად

2023 წლის 9 ნოემბრის საღამოს ასტანაში გამაოგნებელი ამბავი გავრცელდა – ქვეყნის ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ერთ დროს პრეზიდენტ ნაზარბაევის მრჩეველმა და ბიზნესმენმა კუანდიკ ბიშიმბაევმა, ქორწინების თითქმის ერთი წლის თავზე, მეუღლე სასტიკად სცემა. 31 წლის სალტანატ ნუკენოვა თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მისი დასახიჩრებული სახე დედას არ უნახავს, მან შვილი უკანასკნელ გზაზე თავდახურული სასახლით გააცილა…

ყაზახეთში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უმძიმესი სტატისტიკის ფონზე (პოლიციაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 300-მდე შეტყობინება შედის ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ყოველწლიურად კი ფემიციდის 80-მდე შემთხვევა ფიქსირდება) საკუთარი საქმის მქონე, ფინანსურად დამოუკიდებელი და მშვენიერი ქალის სიკვდილმა განსაკუთრებული რეზონანსი ჰპოვა. ბიშიმბაევის კუთვნილი რესტორნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა – მთელმა მსოფლიომ იხილა, 8 საათის განმავლობაში, პერიოდულად, მუშტებით როგორ სცემდა ნასვამი ბიზნესმენი მეუღლეს, ძირს დაგდებულს ურტყამდა წიხლებს, ათრევდა თმით, თანაც შიშველს, რაც შეიძლება მეტად რომ დაემცირებინა…

მღელვარებამ პიკს 2024 წლის 27 მარტს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მიაღწია, როდესაც ბრალდებულის დამცველებმა და „გულშემატკივრებმა“ მსხვერპლის „გაშავება“ დაიწყეს, რეპუტაციის იმგვარად შელახვა, თითქოს იგი სიკვდილს იმსახურებდა. საბედნიეროდ, საზოგადოება ამ ანკესს არ წამოეგო, უფრო მეტიც, ასტანაში გამოსვლები დაიწყო ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციის მოთხოვნით… დიდი დაძაბულობის შემდეგ, რასაც ბიშიმბაევის კავშირები და, მარტივად რომ ვთქვათ, სქელი ჯიბე განაპირობებდა, 2024 წლის 13 მაისს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. 44 წლის კუანდიკ ბიშიმბაევს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისა და წამებისთვის თავისუფლების 24 წლით აღკვეთა მიესაჯა.

სალტანატ ნუკენოვას სიკვდილიდან მალევე, სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერით, სალტანატის ძმამ სალტანატ ნუკენოვას სახელობის ფონდი დააარსა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის იურიდიულ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. სწორედ ამ ფონდის გასაძლიერებლად, ოჯახს თავს დამტყდარი დიდი ტრაგედიის მიუხედავად, აიტბეკს არცერთ ინტერვიუზე არ უთქვამს უარი, ერთ-ერთ მათგანში კი მსგავს ფონდებთან მსხვილი ბიზნესის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ყაზახეთში მსხვილი ბიზნესები მილიარდებს შოულობენ, შესაბამისად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ისინი საზოგადოებას საკუთარი განუზომელი სიმდიდრიდან გარკვეულ ოდენობას მაინც უნდა უნაწილებდნენ, ამასთან, ეს მხოლოდ სადმე მაღაზიის გახსნითა და სკოლის გარემონტებით კი არ უნდა გამოხატოს, არამედ ისეთი საქმით, რომელიც არსებით ცვლილებებს გამოიწვევს“.

როგორ და რამდენ ხანში შეძლებს სალტანატ ნუკენოვას ფონდი მსხვილ ბიზნესთან ერთად ყაზახეთში, სულ მცირე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სტატისტიკის „გაუმჯობესებას“, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ იმის მოკვლევა კი ნამდვილად შეგვიძლია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში კერძო სექტორი რას აკეთებს ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად.

უპრიანი იქნება, საკითხს სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩავუღრმავდეთ. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის პირველი ეროვნული კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, მეორე კი ხუთი წლის შემდეგ ჩატარდა. პირველი კვლევისთვის ინფორმაცია შეგროვდა 15–64 წლის, მეორე კვლევისთვის კი 15–69 წლის ასაკის ქალების შესახებ.

ბოლო, 2022 წლის გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 3300 ქალი მონაწილეობდა, გაირკვა, რომ გამოკითხულთა 50.1%-ს ცხოვრების მანძილზე გამოუცდია ძალადობის ერთი ფორმა მაინც. კერძოდ, ქალების 8.5%-მა განიცადა სექსუალური ძალადობა 18 წლამდე, 19.7%-მა – ფიზიკური და/ან ემოციური ძალადობა 18 წლამდე, 24.5%-მა – სექსუალური შევიწროება, 8.5%-მა ადევნება, 1.5%-მა – სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან (15 წლის შემდეგ), 6.5%-მა ფიზიკური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან (15 წლიდან) და 22.9%-მა – ძალადობა პარტნიორის მხრიდან.

კვლევა აჩვენებს, რომ ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებსაც აქვთ განათლების დაბალი დონე (მაგალითად, დაწყებითი განათლება ან ნაკლები), ქალები, რომელთაც 18 წლამდე ასაკში იქორწინეს და/ან სოფლად მცხოვრები ქალები. თუმცა კვლევა ცხადყოფს იმასაც, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ასაკი, განათლება, ოჯახური/პარტნიორული მდგომარეობა და საცხოვრებელი ადგილი (სოფელი ქალაქთან შედარებით, ან თბილისი სხვა ქალაქებთან შედარებით) არ ახდენს გავლენას ქალთა მიერ ძალადობის გამოცდილებაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალები ძალადობისგან ყველა ჯგუფში თანაბრად დაუცველნი არიან.

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა დახმარებას არ ითხოვს. ისინი მხოლოდ მძიმე შემთხვევებში მიმართავენ პოლიციას ან ჯანდაცვის სისტემას და იშვიათად სარგებლობენ ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებით. მათ არ სურთ ან ეშინიათ ძალადობის შესახებ შეტყობინება მოძალადის (მოძალადეების), ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების უარყოფითი რეაქციების შიშის გამო. მეტიც, ქალებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობაზე ხმამაღლა საუბრობენ ან დახმარებას ეძებენ, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის დროს, ხშირ შემთხვევაში, ვიქტიმიზაციაში ადანაშაულებენ (ვიქტიმიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში განისაზღვრება, როგორც „არასასურველი მოპყრობა ან არასასურველი შედეგი, რეაქცია იმ საჩივარსა ან სამართალწარმოებაზე, რომლის მიზანიც თანასწორი მოპყრობის პრინციპთან შესაბამისობის მიღწევაა“).

ცხადია, კვლევის მიზანი იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იყო, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა და მათზე რეაგირება საკანონმდებლო დონეზეა აუცილებელი და რომ მნიშვნელოვანია ძალადობაგამოვლილთათვის ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მაგრამ ერთი ძველი ანდაზისა არ იყოს, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. მართალია, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული პოლიტიკის და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ 2024 წელსაც ქალთა მიმართ ძალადობა მრავალი მიზეზის გამო გრძელდება. ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა იმის თაობაზე, რომ საზოგადოებაში ქალებსა და გოგოებს უფრო დაბალი სტატუსი აქვთ და რომ ისინი გარკვეული სოციალური და გენდერული როლებისა და მოლოდინების შესაბამისად უნდა მოიქცნენ, იქნება ეს თავდადებული დედისა, თუ ცოლის.

2024 წელიაო, აღვნიშნეთ და… შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით, გამოვლინდა ქალთა მიმართ ძალადობის 422 ფაქტი (ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სხვა), ოჯახში ძალადობის კუთხით კი 3288 მამაკაცზე გაიცა შემაკავებელი ორდერი. რაც შეეხება ფემიციდის შემთხვევებს, მიმდინარე წლის სრული სურათი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით დანამდვილებით ვიცით, რომ შარშან საქართველოში 24 ქალი მოკლეს, მათგან 16 – ოჯახის წევრმა…

ვიდრე საქართველოში კერძო სექტორის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ მოგიყვებოდეთ, უნდა შეგახსენოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია 17 მიზანი და 169 ამოცანა. საქართველომ, გაეროს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის მიღწევა პრიორიტეტად გამოაცხადა. მათგან ახლა, კვლევის თემიდან გამომდინარე, მხოლოდ მეხუთე მიზანს გამოვყოფთ, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება, უფრო კონკრეტულად, მეხუთე მიზნის მეორე ამოცანაა (5.2) ყველა ქალისა და გოგოს მიმართ საჯარო და კერძო სფეროებში ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ტრეფიკინგის, სექსუალური და სხვა ტიპის ექსპლუატაციის აღმოფხვრა.

ერთია, რას აკეთებს და სამომავლოდ კიდევ რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა მეხუთე მიზნის ყველა ამოცანის განსახორციელებლად და მეორე, ვინ არის, ან უნდა იყოს მისი საყრდენი ამ პროცესში, შეუძლია თუ არა კერძო სექტორს, მაგალითის მიმცემიც კი გახდეს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ დღევანდელ მსოფლიოში კერძო სექტორის საქმიანობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ბუნებრივ გარემოზე, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებზე. ასევე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები ვერ გადაიჭრება კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე, რადგან ის წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან მხარეს საბაზრო ეკონომიკაში, ის თანამედროვე გლობალიზაციის პროცესის მაფორმირებელი ძალაა. ითვალისწინებს რა იმ წვლილს, რომელიც შეუძლია შეიტანოს როგორც საკუთარი წარმატების, ისე საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაში, ბიზნესმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) პრიორიტეტად აქცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის ნებაყოფლობით არჩევანს – სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება კომპანიის კეთილი ნებაა და არა სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი მექანიზმებით დაკისრებული ვალდებულება. ამასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დღევანდელი გაგებით (XX საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით) ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ქველმოქმედება, სპონსორობა და ფილანთროპია.

იქიდან გამომდინარე, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოსთვის შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართულმა ბიზნეს სექტორმა დიდი ხანი არაა, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მთელი რიგი პროექტების, პროგრამებისა და კამპანიების განხორციელება დაიწყო, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერის მიმართულებით აქტივობები თითზეა ჩამოსათვლელი, თუმცა რაც გაკეთებულა მადლიერებას ნამდვილად იმსახურებს, ნამდვილად იმედის მომცემია რამდენიმე კომპანიისგან მაინც იმის გაცნობიერება, რომ ძალადობა საზიანოა არა მხოლოდ თავად ქალებისა და გოგოებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რომლის ეკონომიკისა და ეროვნულ განვითარებაში მონაწილე არცერთი სუბიექტი არ არის უმნიშვნელო.

თეგეტა ჰოლდინგით“ დავიწყოთ, რომელიც მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე, ზოგადად, ქალებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაზე, ასევე, ძალადობაგამოვლილი ქალების გაძლიერებაზე.

უფრო კონკრეტულად, „თეგეტამ“ დონაციის პლატფორმაზე Tegeta.care რამდენიმე ორგანიზაცია დაამატა, რომლებიც სწორედ ძალადობაგამოვლილ ქალებს აძლიერებენ. ესენია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და სოციალური საწარმოები – „ლიდერი“ და „ტექგოგო“ (აღნიშნული საწარმოები ზოგადად ქალთა გაძლიერების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებენ). ამ გზით კომპანია ცნობიერების გაზრდას, ასევე ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროექტებში საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების ჩართულობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ გორში მდებარე სამკერვალო „ლიდერი“ სოციალურად დაუცველ, დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ჭრა-კერვის შესწავლასა და შემდგომ დასაქმებაში ეხმარება. პარტნიორობის ფარგლებში, „თეგეტამ“ „ლიდერს“ ბენეფიციარების პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი, მათ საჭიროებებზე მორგებული კურსი შესთავაზა. „თეგეტა აკადემიის“ ტრენერებმა ქალებს „ეფექტური მომსახურების“ კურსი ჩაუტარეს, რომელიც მათ სერვისის გამართვასა და მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციაში დაეხმარება.  პროფესიული განვითარების პროგრამა 30 ქალმა გაიარა, მათ შორის იყვნენ ძალადობაგამოვლილი ქალები.

პროექტის „თეგეტა ქალებისთვის“ ფარგლებში, კომპანიამ მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამაც დაიწყო და ახალი პროფესიის შეძენის შესაძლებლობა და განვითარებისკენ გზა ძალადობაგამოვლილ ქალებსაც გაუხსნა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რათა ჩვენი ჩართულობა ქალთა გაძლიერების პროცესში კიდევ უფრო აქტიური და ეფექტური გავხადოთ. „თეგეტა“ საკუთარი საქმიანობით ქალებს ბარიერების დაძლევაში ეხმარება და ცხადია, აქ იგულისხმებიან ძალადობაგამოვლილი ქალებიც, რომლებსაც ჩვენი დახმარება განსაკუთრებულად სჭირდებათ. გვჯერა, რომ ზრუნვას მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი (MBC), რომელიც მცირე მეწარმეების და ფერმერების განვითარების შესაძლებლობის შექმნას ცდილობს, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზეცაა ორიენტირებული. როგორც ირკვევა, კომპანიისთვის ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება განსაკუთრებით აქტუალური კოვიდ პანდემიის დროს გახდა.

გვანცა ფაცაცია, „ემბისის“ ადამიანური რესურსების მართვის და კორპორაციული მდგრადობის ჯგუფის უფროსი: „გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ერთად, მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით, „ემბისიში“ სამოქმედო გეგმა 2020 წელს შემუშავდა, რომელიც დღესაც წარმატებით ხორციელდება. მოგეხსენებათ, 2020 წელს კოვიდ პანდემიამ გაზარდა ის საფრთხეები, რომლებიც ინფექციის რისკის ფარგლებს სცდებოდა. თანმხლები სტრესების გამო გაიზარდა ოჯახში ძალადობის, ამასთან, გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები. სწორედ პანდემიის დროს დაეხმარა კომპანია ძალადობის მსხვერპლ სტუდენტ გოგონას (მასზე მამა ძალადობდა), რომელსაც შინიდან წამოსვლა დაუგეგმავად მოუწია და აღმოჩნდა შემოსავლის, პირველი მოხმარების ნივთების გარეშე. ასევე, პანდემიის პერიოდში, შევცვალეთ შესყიდვების პოლიტიკა და პრიორიტეტი მივანიჭეთ იმ ქალ მეწარმეებს, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებოდათ. კერძოდ, კომპანიამ ითანამშრომლა მრავალშვილიან მეწარმე ქალთან, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. მისგან პირბადეები მრავალჯერადად შევისყიდეთ“.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილების დასახმარებლად რესურსების მობილიზების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა (UNFPA) და „ეივონ კოსმეტიკს საქართველომ“ (AVON), 2023 წლის თებერვალში, ერთობლივი ერთწლიანი კამპანია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც „ეივონმა“ გაყიდვაში ჩაუშვა სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით წარმოებული კოსმეტიკური პროდუქტები და აქსესუარები. მათი რეალიზაციიდან შემოსული სარგებელი სრულად ირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: „ინიციატივა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ, განსაკუთრებულია, რადგან ის, ერთი მხრივ, არის კერძო სექტორის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი, მეორე მხრივ კი, ქალური სოლიდარობის, ერთიანობის, თანადგომისა და საერთო მიზნისკენ სწრაფვის შესანიშნავი პრეცედენტი, რადგან თანხა, რომლის მობილიზებაც AVON-ის გუნდთან ერთად დავისახეთ მიზნად, სწორედ ქალების ჩართულობით შეგროვდება სხვა ქალების მხარდასაჭერად“.

როგორც „ეივონ კოსმეტიკს საქართველოში“ აცხადებენ, UNFPA-სთან ამ ინიციატივაზე მუშაობა დიდი პატივია. საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხული თანხა მოხმარდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველყოფას, ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოციალური ჩართულობის გაზრდას.

კოვიდ პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის საპასუხოდ, სილამაზის მსოფლიო ბრენდმა „ბოდი შოპი“ (The Body Shop) საერთაშორისო ორგანიზაციასთან „No More” ერთად საქართველოშიც განახორციელა კამპანია „იზოლაციაში არ ხარ მარტო“ (Isolated Not Alone). კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ დამალული საფრთხის შესახებ, რომელიც თან სდევს იძულებით იზოლაციას, ამასთან, სახელმწიფოებისადმი მოწოდება, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ერთ-ერთ პრიორიტეტად ექციათ. კამპანიის ფარგლებში ბრენდმა გარდა იმისა, რომ ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალებისთვის ხმის მისაწვდენად სპეციალური ბილბორდები დაამონტაჟა, გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 2% ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს გადაურიცხა.

ასევე აღნიშვნის ღირსია „ბოდი შოპისა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ერთობლივი კამპანია ადრეული ქორწინების პრევენციისთვის. ადრეული ქორწინების (18 წლამდე) უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, კამპანიის ფარგლებში ერთ გოგონას, რომელიც იძულებითი, ადრეული ქორწინების მსხვერპლი იყო და რომელსაც განათლების მიღება სურდა, კომპანიამ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.

2020 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, „ბოდი შოპმა“ ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების გასაზრდელად სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა სახელწოდებით „არ დამალო ძალადობა“. კომპანიის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში დამონტაჟდა სარკის ეფექტის მქონე მონიტორი, რომელშიც ჩახედვის შემდეგ გამვლელი ქალების სახეზე სპეციალური პროგრამის მეშვეობით ჩალურჯებები ჩნდებოდა. ამგვარად, ექსპერიმენტში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი თვალით დაენახათ გენდერული ძალადობის რეალური კვალი და გაეცნობიერებინათ, რას იწვევს ძალადობის შემთხვევების მიმართ გულგრილობა.

როგორც „ბოდი შოპში“ აცხადებენ, დღესდღეობით კომპანია თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობს და ძალადობაგამოვლილ გოგონებს პროფესიული განვითარების კუთხით აფინანსებს, ასევე, სხვადასხვა დღესასწაულზე ბენეფიციარებს საჩუქრად საკუთარ პროდუქციას უგზავნის.

თემაზე მუშაობისას კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარება ქალთა უფლებათა დამცველებსაც ვთხოვე. როგორც ქალთა უფლებების დაცვის ფემინისტურ ორგანიზაციაში „საფარი“ განმიცხადეს, ორგანიზაციას კერძო კომპანიებთან არაერთგზის უთანამშრომლია (რაც გამოიხატა „საფარის“ ბენეფიციარების ფინანსურ გაძლიერებაში; სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში ჩართულობაში; ამ კომპანიების მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში ბენეფიციარების მონაწილეობის შესახებ შეთავაზებაში მათთვის ღირსეული სამსახურის პოვნის მიზნით), თუმცა, საჭიროებებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ პარტნიორი კომპანიების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

„საფარში“ მიაჩნიათ, რომ კერძო სექტორმა უნდა უზრუნველყოს:

  • ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა (სადაც დაცული იქნება ქალთა ყველა უფლება);
  • ქალების დაცვა ეკონომიკური ძალადობისგან (ანუ დაეხმაროს მათ ფინანსების კონტროლში და თავი აარიდებინოს ძალადობით აღებული სესხებისგან), რადგან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, ხშირ შემთხვევაში, ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგანან ან შეიძლება აღმოჩნდნენ;
  • განათლების დაფინანსებით ქალებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა ისეთ სფეროებში, რომლებიც, სტერეოტიპულად, თითქოს მხოლოდ მამაკაცთა საქმეა (მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება).

სტატიის დასკვნით ნაწილში, ვისურვებდი, ძალადობაგამოვლილი იმ ქართველი ქალის (ქალების) შესახებ მომეთხრო, რომელიც დღეს ბიზნეს ლედია და საკუთარი კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობად მიზანმიმართულად აქვს ქცეული ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, მაგრამ რადგანაც საქართველოში ასეთი საჯაროდ სამაგალითო პრეცედენტი ჯერ არ დაფიქსირებულა, სხვა ქვეყნის მოქალაქის ამბავს გაგიზიარებთ.

ნორა ქეისი ირლანდიელია. დღეს მას იცნობენ, როგორც ანტრეპრენიორს, გამომცემელსა და ტელეწამყვანს, მაგრამ იყო დრო, როცა ოჯახში მასზე ძალადობდნენ. იგი 9 წელი ცხოვრობდა კაცთან, რომელსაც დღის განმავლობაში როდის გაუფუჭდებოდა გუნება და ჯავრს მეუღლეზე იყრიდა, მეტისმეტად არაპროგნოზირებადი რამ იყო. ნორას ორი წელი დასჭირდა მოძალადისგან თავდასახსნელად, რადგან იგი მას გამუდმებით ემუქრებოდა მოკვლითაც და თვითმკვლელობითაც. ამასთან, მოძალადე ფინანსურად საკმაოდ შეძლებული პიროვნება იყო…

„დღემდე, როცა ვიცინი, სახის ერთ ნაწილს ვერ ვიმორჩილებ ოდესღაც მისგან მოყენებული მძიმე დაზიანების გამო. მაშინაც კი, როცა ძალიან ბედნიერი ვარ, სიცილი ამ ინციდენტის შესახებ მახსენებს..“ – ამბობს ნორა ქეისი.

ნორა შინიდან მხოლოდ პატარა ჩანთით გაიქცა. არ ჰქონდა ფული. არსად ეგულებოდა ღამის გასათევი. მაგრამ დროთა განმავლობაში ფინანსურად ფეხზე მყარად დადგომაც მოახერხა, მენეჯმენტის მიმართულებით განათლებაც გაიღრმავა, სატელევიზიო სახეც გახდა, მეორედაც დაქორწინდა, შვილიც შეეძინა და რამდენიმე კომპანიის მმართველობაც ითავა. მის მფლობელობაში არსებული ჟურნალი „ქალის გზა“ (Woman’s Way) ირლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბეჭდური გამოცემაა. ნორა ქეისი დღეს „TEDx Talks“-ის ერთ-ერთი სასურველი სიტყვით გამომსვლელია. ფართო აუდიტორიის წინაშე ყოფნისას იგი საკუთარი, ნამდვილი ამბით ცდილობს სხვების გამხნევებას და ქალების იმაში დარწმუნებას, რომ ცვლილება მოქმედებას მოაქვს…

ძნელი სათქმელია, რა დრო დასჭირდება ქართულ საზოგადოებას იმ ქცევების, შეხედულებების, სოციალური ნორმებისა და სტრუქტურების შესაცვლელად, რაც გენდერულ უთანასწორობას აძლიერებს და ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას უწყობს ხელს, მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა საყოველთაო ჭირია, ის ყველა მოქალაქეს თანაბრად გვეხება და თუ ამ ეპიდემიის მასშტაბის მქონე პრობლემის აღმოფხვრის საქმეში კერძო სექტორი სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად უპირობოდ, გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობით დაგვიდგება, ამასთან, უფრო მეტად გააქტიურდება მედია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემის გაშუქების მხრივ, ერთობლივი ძალებით ქვეყანაში ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და რეალიზებული ქალების სტატისტიკას გავზრდით, ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობით გამოწვეულ იმ ეკონომიკურ ხარჯებსაც შევამცირებთ, რაც ქალებს, ოჯახებს, თემებსა და ფართო საზოგადოებას ეკისრება. სხვა შემთხვევაში, ერთმანეთისთვის, თუნდაც ხშირად, იმის შეხსენება, რომ დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალზე ძალადობენ, ისევ იმ ძველ ანდაზასთან მიგვიყვანს – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის…

magti 5g