ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს. მისი შეფასებით, მთავრობის წარმომადგენლების არგუმენტები გაუგებარია, ქვეყანა კი სოციალური აფეთქების წინაშე დგას.
„დღევანდელ შეხვედრაზე შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და სამწუხაროდ, ეს გამართლდა. დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი, საზოგადოებას და ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც დღესდღეობით წარმოიშვა და გაფართოვდა. ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს აქვს თავისი ახსნა. როცა გადაწყვეტილება არის მიღებული, ამას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როცა მიმღებლობა დიდია საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან, რომ გაიგოს ეს და ვერ იგებს, დასკვნა მარტივია, რომ გადაწყვეტილებები არასწორია. აქ საუბარი არ არის რომელიმე ბიზნეს წარმომადგენლის პრობლემაზე, ეს არის საზოგადოების პრობლემა, სადაც ბიზნესის ლიკვიდირება ხდება, ამ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით“, – ამბობს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ვართ სოციალური აფეთქების წინაშე. “ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ის, რომ ვიმუშაოთ რეგულირების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ ადვოკატებად ეპიდემიოლოგების“, – დასძინა ბურჯანაძემ.