ბიზნესმენი, Azimut Yachts Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მას სუს-ის აგენტები თან დაჰყვებიან და უთვალთვალებენ, ამბობს, რომ ხვალ, 11 მარტს დააკავებენ.
გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მის საქმეს სასამართლოში ხვალ განიხილავენ და პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს შეცვლას პატიმრობით მოითხოვს.
ბიზნესმენის თქმით, დაკავების პროცესი დააჩქარა ბევრმა მოვლენამ, მათ შორის, კი იმან, რომ გიორგი ჩიკვაიძის თქმით, მათ დაიწყეს იმ ადამიანების გამოაშკარავება, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ.
„მე ჯერ დაკითხულიც არ ვარ, ჩემი საქმიანი პარტნიორი ირაკლი პაპუაშვილი საერთოდ არ დაუკითხავთ, ისე წაგვიყენეს ბრალი. დღეს გავიგეთ, რომ ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა ჩვენი უეცარი პროცესი და ჩაინიშნა ერთი მიზეზით – პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიება გირაო შეგვიცვალონ პატიმრობით. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამნაშავე ქალბატონი, იზა კელენჯერიძე ამას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს, იმიტომ, რომ მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის კლანის მოსამართლე. ჩვენც, მზად ვართ ამ დაკავებისთვის, არანაირ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, არც მანამდე ვაპირებდით სადმე წასვლას, ხვალ დაგვაკავებენ, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება.
კმაყოფილი ვარ, რომ ამ სამ დღეში მოვახერხეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რამდენად არის ჩამოშლილი ეს რეჟიმი თავის სტრუქტურებიანად“, – განუცხადა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველს“.
შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც, ბიზნესმენის თქმით, მას, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ.