„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, ორგანიზაციას ბოდიში არ აქვს მოსახდელი. ელენე ნიჟარაძე ვერც პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ხედავს და აცხადებს, რომ მან, როგორც დირექტორმა შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა.
„ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.
მისი განმარტებით, პროგრამაში მცირე ხარვეზი დაფიქსირდა, ამას გავლენა არ მოუხდენია მანდატების რაოდენობაზე არცერთი იმ პარტიის მიმართ, რომელმაც საარჩევნო ზღვარი გადალახა.
ნიჟარაძის თქმით, მომხდარზე საკუთარ პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.
„ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე. მე, რაც მევალებოდა როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა, მგონია, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ. ორგანიზაციამ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა ამას თავი. კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჩავატარეთ აუდიტი, დავადგინეთ, რომ ხარვეზი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გაგვეცნო“,- განაცხადა ნიჟარაძემ
ნიჟარაძე 2020-ის არჩევნების პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა დისბალანსი იყო, რომლის შესახებაც ცესკოს არ უსაუბრია. მისი თქმით, არჩევნების უსერიოზულესი პრობლემა იყო კარუსელები.
„მთავარი პრობლემა იყო შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი, რაზეც პასუხი არ მივგვიღია და საარჩევნო ადმინისტრაციამ დაგვიმალა ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეს დისბალანსი. არ მოხდა ამ მასალების გადათვლა. მიმაჩნია, რომ ეს შეგნებულად მოხდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ პრობლემები ჰქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ მათ დამალეს ეს მიზეზები. უსერიოზულესი პრობლება იყო ასევე „კარუსელები“- განაცხადა ნიჟარაძემ.
ნიჟარაძის განმარტებით, ორგანიზაციისთვის უცნობია, თუ რა იყო ამის მიზეზი.
„ცესკო მიიჩნევს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ გაყალბება იყო. ამაზე უნდა გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციას ძალიან დასაბუთებული, ობიექტური პასუხი და რომ არ გასცა, ეს ამყარებს იმ ეჭვებს, რომ გაყალბება ან ისეთი სერიოზულ დარღვევები იყო, რომ დაგვიმალეს“,- განაცხადა ნიჟარაძემ.
ნიჟარაძემ ასევე განმარტა, რომ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე წლებია მუშაობს ორგანიზაციაში და ის გამორიცხავს, რომ ჟვანიას მეუღლეს რაიმე შეხება აქვს მომხდართან.
„თამარ ჟვანის მეუღლე ორგანიზაციაში ძალიან დიდი ხანია მუშაობს. თუმცა, მას პოზიციიდან გამომდინარე, არავითარი შეხება არ აქვს არჩევნების დაკვირვებასთან და განსაკუთრებით, მეთოდოლოგიასთან და პროგრამასთან. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხავ იმას, რომ მას რაღაც გავლენა მოეხდინა ამ მონაცემებზე ან მისი მხრიდან ინფორმაცია გაჟონილიყო, რადგან მან უბრალოდ, ეს ინფორმაცია არ იცის პოზიციიდან გამომდინარე“- აცხადებს ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ 31 ოქტომბრის შედეგებში უზუსტობა დაფიქსირდა. „ოცნება“ აცხადებს, რომ ამ შედეგით მათქვეყანაში სიტუაცია კინაღამ ააყირავეს და ბოიში აქვთ მოსახდელი.
დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ მომხდარზე ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.